რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა რუსული სარაკეტო ხომალდი ციკლონის განადგურებას ადასტურებს

გემი ციკლონი სოხუმის პორტში
apsnypress

21 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ 19 მაისს ოკუპირებულ ყირიმში რუსული მცირე ზომის რაკეტმზიდი ხომალდი ციკლონი გაანადგურეს.

19 მაისს უკრაინელი სამხედროები წერდნენ, რომ მათ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლში გაანადგურეს რუსული გამნაღმველი ხომალდი კოვროვეცი. თუმცა, ამას გარდა უკრაინული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ დაზიანდა ერთ-ერთი ნავსაყუდელი, სადაც მცირე რაკეტმზიდი ხომალდი ციკლონი იდგა. მომდევნო დღის ფოტოებში ეს გემი აღარ ჩანდა. პარალელურად, ტელეგრამ-არხი ASTRA წერდა, რომ იერიში ATACMS-ის ტიპის შორი მანძილისა და მაღალი სიზუსტის 3 რაკეტით შესრულდა, ხოლო ხომალდი ციკლონი - ჩაიძირა.

აქამდე უკრაინის სამხრეთის ძალების პრესსპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმში, შესაძლოა, რაკეტმზიდი ხომალდები აღარ დარჩა.

რუსეთს არ გაუკეთებია არანაირი ოფიციალური განცხადება ან კომენტარი არც მცირე რაკეტმზიდის და არც გამნაღმველი გემის დაკარგვაზე.

გასული წლის სექტემბერში რაკეტმზიდი ხომალდი ციკლონი ოკუპირებულ სოხუმის პორტშიც იყო გაჩერებული და მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ომში სეპარატისტების გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაში.

კომენტარები