საბანკო ასოციაცია

საბანკო ასოციაცია: საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია

ქართული ბანკების აქციების ვარდნის და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საბანკო ასოციაციის სახელით დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი.

ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას" - წერია განცხადებაში.

რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის (20:00 საათი) TBC ბანკში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს ბანკში კი 2.90 ლარი. რაც შეეხება ევროს, TBC ბანკში მისი ფასი 3.17 ლარია, საქართველოს ბანკში კი - 3.16 ლარი.

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 2.86-2.88 ლარია, ევროსი - 3.11-3.13 ლარი.

ოფიციალური კურსით კი, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი - 2.9577 ლარი. 

გარდა ამისა, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.

ამ დროის მონაცემებით, 20:00 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 14.24%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 13.03%-ითაა შემცირებული. დღის განმავლობაში ვარდნა კიდევ უფრო მაღალი იყო.

კომენტარები