საქართველო-აშშ

ო'ბრაიენი ივანიშვილზე: გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელია

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის "გლობალურ ომის პარტიასთან" დაკავშირებულ კონსპირაციებსაც შეეხო.

"კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია. რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" და საქართველომ ზურგი უნდა აქციოს "გლობალური ომის პარტიის" ზრახვებს, რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება, ქართული ოცნების გადასაყენებლად, 12-წლიანი მტკიცე კოოპერაციის მიუხედავად. თითქოს Reddit-ის (რედ. სოციალური ქსელი, პოპულარულია ამერიკაში) გვერდი გაცოცხლდაო. ეს არარეალური, არასწორი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად არასწორი გაგებაა." – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ო'ბრაიენის თქმით, შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია, რომ ივანიშვილის მსგავსი გავლენიანი ადამიანი ცუდად არის ინფორმირებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები ჯერჯერობით დაწესებული არაა. გასულ დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილმა ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან, თითქოსდა, მას აშანტაჟებენ და დაწესებული აქვთ "დე ფაქტო სანქციები". კობახიძე ამბობდა, რომ ივანიშვილმა "სასწორზე დადო 2 მილიარდი დოლარი" და ქართულ ოცნებას მსგავსი დასაკარგი არაფერი აქვს.

"ერთ-ერთი მაგალითია, რაც პრემიერმინისტრმა გასულ ღამეს ახსენა. ჩვენ არ დავკავშირებივართ ამ განხილვის ყველა მხარეს, ჩვენ დავპატიჟეთ პრემიერმინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ურთიერთობა. ევროკავშირს კი ჰქონდა საუბრები აქ, დათქმული დრო კანონზე საუბრის შესახებ. აქ ჩამოსვლამდე ვთქვი, რომ მოხარული ვიქნებოდი, ხელმეორედ მენახა ბატონი ივანიშვილი. პრემიერმინისტრმა მითხრა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ გყავთო. ამჟამად მის წინააღმდეგ სანქციები არაა. ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია." – თქვა ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ კობახიძის მიერ ე.წ. დე ფაქტო სანქციების მომიზეზება მნიშვნელოვან პარტნიორთან შეხვედრაზე უარის სათქმელად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესები ქვეყნის კონსტიტუციურ მიზანსწრაფვაზე მაღლაა დაყენებული.

"პრემიერმინისტრის მიერ თქმა, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც პირადი ინტერესების დაყენება უფრო მაღლა, ვიდრე ქვეყნის კონსტიტუციური მისწრაფებების, რომ იმუშაონ მეტად საერთაშორისო პარტნიორებთან და გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და NATO-ში. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი ფართო მსჯელობის მხოლოდ ერთი მიმართულებაა. მაგრამ ეს აჩვენებს იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და შესაძლოა გახდეს ცვლილების წერტილი აქამდე არსებულ კონსტრუქციულ და პროდუქტიულ პარტნიორობაში." – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

"ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს" - თქვა ირაკლი კობახიძემ გასულ დღეს.

კომენტარები