რუსული კანონი

ხაზარაძე: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა

ოცნებამ მესამე მოსმენით გააფორმა მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ჩვენს დეკლარირებულ ისტორიულ არჩევანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

რუსული სპეცოპრაციით, რუსული კანონის მესამე მოსმენით ქართულმა ოცნებამ შეცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი და გეზი აიღო რუსეთისკენ. უკვე დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს.

დღეს ქართული ოცნების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის პროცესს, ქართულმა ოცნებამ დეკლალრირებულად აირჩია რუსეთი და უარი უთხრა ევროკავშირს.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.

ამისთვის საჭიროა, სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის, პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებენ ამ პროცესს, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ.

ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია.

ჩვენ, ლელო, მზად ვართ, პირველ ნაბიჯი გადავდგათ, ვაცხადებთ მორატორიუმს და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთთავდაუსხმელობისკენ, ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ოცნების დემონტაჟს, ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.

ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა.

ლელო მზად არის, დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად, და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფალანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში.

ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.

საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ.

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები