რუსული კანონი

ივანიშვილისა და სხვა ლიდერების სანქცირება – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

ევროპარლამენტარები, ტაის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ მყისიერი სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საბოლოო მიღების წინ ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს შემდეგი კითხვებით მიმართავენ:

27 მაისის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის წინ, წარადგენს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მყისიერ შემაკავებელ ზომებს ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოტენციურად დადებული ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ?

დაავალებენ თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპული საგარეო კავშირების სამსახურსა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს (DG NEAR) შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი რანგის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან თუ ეს არ ეხება ზემოხსენებული კანონის გაუქმებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის თანხების გამოყოფა. გეგმავთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისგან, სანამ ეს კანონი ძალაში იქნება?

აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მიერ კანონის დაგმობა და გააცნოს ზემოხსენებული ზომების გადადგმის შესახებ და განხილული იქნება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის დაბარების შესაძლებლობა?

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 14 მაისს ჩატარდება.

კომენტარები