რუსული რეჟიმი

ლეონიძის ქუჩაზე პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სსს

პოლიციელები ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქეს სცემენ, 2024 წლის 11 მაისი
კადრი ვიდეოდან

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 11 მაისის ღამეს, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად". - წერს საგამოძიებო სამსახური.

თვითმხილველის ცნობით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, იმის გამო, რომ გზის დათმობაზე უარი უთხრა, სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს. სოციალურ ქსელში აღნიშნული შემთხვევის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა.

"მოდიოდა რამდენიმე ავტობუსი, რომელსაც დიდად ეწერა - პოლიცია. უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეტარებინა. ჩვენ ჩვენს გზაზე ვიყავით და ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ არ გაგატარებთო. ამის შემდეგ, გადმოხტნენ, ურტყეს და წაიყვანეს. ჩვენც ვიცავდით, მე უკან ვიჯექი და ნაკლებად, მაგრამ ჩემს ბიძაშვილსაც მოხვდა. ჩვენი მეგობარი წაიყვანეს, ამბობენ, რომ სასწრაფოშია და დაჭერილი არ არის, მოიყვანენო". - უთხრა ტაბულას თვითმხილველმა.

კომენტარები