ბადრი ესებუა

ბადრი ესებუა: საკანში 10 კაცამდე შემომივარდა, მცემა და დეესკალაციის ოთახში წამათრია

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა ამბობს, რომ 14 მარტს ის ციხეში 10-მდე პირმა სცემა. პატიმრის წერილს TV პირველი ავრცელებს. 

ესებუას თქმით, მასზე თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთი პატიმრის, რომელმაც ყელი გამოიჭრა, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

"14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დავიწყეთ. ციხის ადმინისტრაციამ კი რეპრესიები დაიწყო და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირადად მე მითხრეს, რომ სარდაფში ობიან და ტარაკნებით სავსე კამერაში ან კარცერში გადამიყვანდნენ.

მაინც რომ არ დავემორჩილე, კამერაში 10 კაცამდე შემომივარდა, იმ დროს ლოგინზე ვიწექი, მეცნენ და გინებით გადმომაგდეს. ძირს დამაგდეს და ფეხებით შემდგნენ. ხელბორკილები დამადეს და არაადამიანური, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დეესკალაციის კამერაში წამათრიეს.

ამის შემდეგ, ყველა, ვინც კი შიმშილობდა, ზოგი კარცერში გაგზავნეს, ზოგი დეესკალაციის კამერაში, ზოგი კი სხვა ციხეში გადაიყვანეს. ახლაც ვერ ვხვდები, რას გვერჩოდნენ, რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემ გვერდით კამერაში მყოფი მეგობარი ამბობს - თუ არ გაჩერდები, აკრძალულ ნივთს ჩაგიდებთ და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ, ასე დამემუქრნენო". - წერს ესებუა.

ბადრი ესებუა ამბობს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდა და კამერების დაარქივება სთხოვა, თუმცა, მისივე თქმით, ლევან იოსელიანს უპასუხეს, რომ "ტექნიკური ხარვეზის გამო" ეს შეუძლებელი იყო.

"ეს ინფორმაცია სახალხო დამცველს მივაწოდე და კამერების ჩანაწერების დაარქივება მოვთხოვე. თუმცა, სახალხო დამცველს სამეთვალყურეო სამსახურიდან უპასუხეს, რომ 14 მარტის 23:00-დან 00:00 საათამდე  ტექნიკური ხარვეზის გამო ეს შეუძლებელი იყო.

ამ ამბის შემდეგ მოსვენება დავკარგე, ვიცი, როგორ მებრძვის სისტემა. არ ვიცი, საკანში როდის შემომივარდებიან, მიმახრჩობენ და ჩამომკიდებენ, თავი მოიკლაო. მერე ვინ რას დაუმტკიცებს ამ მჩაგვრელ, მწამებელ სისტემას. 1 წელზე მეტია, კამერაშიც მარტო ვარ, მოწმეც არ იარსებებს". - წერს ესებუა.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ბადრი ესებუას დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამაზე პენიტენციური დაწესებულების დირექციის პასუხია, რომ ესებუამ თვითდაზიანებები მიიყენა.


2023 წლის ივნისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

სხდომაზე სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის მოწყობისთვის და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებისთვის. იქამდე, ბადრი ესებუას მისჯილი ჰქონდა 4-წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. შეკრებითობის პრინციპით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულს ჯამურად 13 წელი მოუწევს ციხეში გატარება. 

თავად ბადრი ესებუა სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკში არ შეჭრილა და სასაფლაოზე იყო მეზობელთან ერთად, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.  

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის მხოლოდ 2023 წლის თებერვალში დააკავეს.

კომენტარები