რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Вот так: რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, რომელიც საქართველოში გადავიდა

ლიდია პრუდოვსკაია ქალიშვილთან ერთად

რუსული მედია Вот так წერს, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ლიდია პრუდოვსკაიაზე - ორი შვილის დედაზე, რომლის წინააღმდეგაც არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომელიც საქართველოში გადმოვიდა. მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა მონაცემებს ეყრდნობა.

რუსეთის შსს-ს განცხადებაში აღნიშნული არაა, თუ რა მიზეზით იძებნება პრუდოვსკაია.

აქამდე ლიდია პრუდოვსკაია არხანგელსკის ოლქში, ქალაქ მირნიში ცხოვრობდა. 2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ "არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით" სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოაქვეყნა ოთხი პოსტი, რომლებშიც ის საუბრობდა რუსეთის ჯარის მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, ბუჩაში მომხდარ მოვლენებზე. ამ მუხლით პრუდოვსკაიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმის წარმოების დროს ქალის 9 წლის ქალიშვილი და 10 წლის ვაჟიც კი დაკითხეს, ისე, რომ პროცესს დედა არ დასწრებია. 

სისხლის სამართლის საქმის გამო, პრუდოვსკაია ქალაქ მირნიში მუშაობას ვერ იწყებდა, ამიტომაც ის პლესეცკის რაიონში მდებარე სოფელში გადავიდა, სადაც ადგილობრივები ანტისაომარი განწყობის გამო ემუქრებოდნენ და სახლზე ასო Z-ც დაუწერეს. 

როგორც მედია Вот так წერს, მიუხედავად იმისა, რომ პრუდოვსკაიას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, უფლებადამცველი ორგანიზაციების დახმარებით მან საქართველოში გადასვლა ორ შვილთან ერთად შეძლო. ამის შესახებ ქალი მედიას 14 მარტს ესაუბრა. მისი თქმით, არ ჰქონდა იმედი, რომ სისხლის სამართლის საქმეში გაამართლებდნენ. 26 მარტს პრუდოვსკაიამ მედიასთან თქვა, რომ ის დაუსწრებლად დააპატიმრეს.

კომენტარები