ჰავანის სინდრომი

სუს-ი ჰავანის სინდრომზე: არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ეხმაურება The Insider-ის, 60 Minutes-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივ გამოძიებას ე.წ. ჰავანის სინდრომთან დაკავშირებით.

როგორც The Insider-ის წერდა, თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის ანომალიურ გართულების, რამაც აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის ცოლი შეაწუხა, უკან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები მდგარიყვნენ. 60 Minutes-ი კი საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომლისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობის მოულოდნელ გართულებაზეც საუბრობდა.

სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ კიდევ ერთხელ გადაამოწმა ფაქტები და დაელოდა "პარტნიორი მხარის ოფიციალურ განცხადებას".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. ინფორმაციის წყარო კი უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.

მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ." - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, სუს-ის განცხადებაში წერია, რომ საკუთარ რეაგირებას ამომწურავად მიიჩნევენ და ვერსიის "უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცების" საჭიროებას ვერ ხედავენ.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში." – წერია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი უარყოფს უშუალოდ ე.წ. ჰავანის სინდრომთან დაკავშირებულ მოვლენებს, უწყება განცხადებაში არაფერს ამბობს რუსული სპეცსამსახურების აგენტის, ალბერტ ავერიანოვის 2021 წელს, სავარაუდოდ, თბილისში ყოფნის შესახებ, რაც The Insider-ის გამოძიებაში იყო ნახსენები.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა ГРУ-ს დირექტორის მოადგილისა და დანაყოფ 29155-ის მეთაურის, ანდრეი ავერიანოვის შვილი, ალბერტ ავერიანოვი. ამერიკელი, რომელიც ე.წ. ჰავანის სინდრომის მსხვერპლი გახდა, ავერიანოვი ფოტოზე ამოიცნო.

ჰავანის სინდრომის კავშირი ГРУ-სთან და თავდასხმა თბილისში – The Insider-ის ახალი გამოძიება

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ კვლავ სჯერათ აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების ანგარიშის, რომ ჰავანის სინდრომის გამომწვევი მიზეზი უცხოელი მოწინააღმდეგე არაა, თუმცა გაუსვა ხაზი, რომ ახალ ინფორმაციას გადახედავენ და დასკვნამდე დაზვერვის კოლეგებთან ერთად მივლენ.
 
აშშ-ს მოხელეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ანომალიური გართულება, ანუ ე.წ. ჰავანის სინდრომი აწუხებს, პრეზიდეტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტის შესაბამისად იღებს სპეციალურ კომპენსაციას.

კომენტარები