ჰავანის სინდრომი

მდინარაძე "ჰავანის სინდრომზე": სერიოზული ეჭვი რომ ყოფილიყო, გამოძიება ხომ დაიწყებოდა?

მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, "ჰავანის სინდრომზე" ჟურნალისტური გამოძიება "შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა, რათა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ". 

"შემთხვევითი ვერანაირად ვერ იქნება ის ამბავი, რომ წარსულში ამერიკის საელჩოში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მომუშავე ადამიანი გახდა ინტერესის ობიექტი. გუშინ რაღაც სტატიები, ჟურნალისტური გამოძიებებიც დაგვეწია, რომ დიპლომატის მეუღლეს წამლავდნენ რუსები საქართველოშიო. შიდა ნეგატიური პიარისთვის გამოიყენეს ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ეს ამბავი, რათა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია მოეხდინათ.

[...]ელემენტარულად, ეჭვიც რომ ყოფილიყო ცოტა სერიოზული, გამოძიება ხომ დაიწყებოდა? კაცმა არ იკითხა, გამოძიება დაიწყო თუ არა. 

ფაქტი აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს გასამართლებულია იმ პირის ოჯახის წევრი, ვის მოწამვლაზეც საუბრობენ. სწორად არის თუ არა გასამართლებული, ვერ ვიტყვით. ისეთი ჩახლართული ამბავია და ისეთი ბოროტებაა, მეტი არ შეიძლება" - ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძე აშშ-მ გამოძიებაც კი არ დაიწყო და ეჭვები არ აქვთ. 

"რა გამოძიება უნდა დაიწყოს, ხალხო, ის ადამიანი მუშაობდა აშშ-ის საელჩოში. იყო მართლმსაჯულების მიმართულებით მომუშავე დიპლომატი. მაშინ გამოძიებაც არ დაწყებულა.

რაც მე ინფორმაცია მაქვს, ორ თუ სამ ადამიანს თავი ასტკივდა და იეჭვეს რაღაცაზე. გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა, მე რა ინფორმაციაც მაქვს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ თქვა გუშინ, რომ მსგავსი ეჭვები არ არსებობს. ქართულ სპეცსამსახურებს დაარტყა მაშინ, როცა ისინი უზრუნველყოფენ, მსოფლიოში პირველებს შორის ვიყოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიდი სიბინძურეა". 

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა The Insider-ის, 60 Minutes-ის და Der Spiegel-ის საერთო გამოძიებაზე,  რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სამხილები, რომ ე.წ. ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებასთან.

ამ თემას გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიშიც. მისი თქმით, გამოძიება ჰავანის სინდრომის შესახებ და რუსეთის თავდასხმები აშშ-ს მოქალაქეებზე შეხსენებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკისთვის ზიანის მიყენებას. 

The Insider-ის გამოძიებას ინფორმაციის გადამოწმებასა და მოპოვებაში ტაბულას გუნდიც დაეხმარა.

კომენტარები