ჰავანის სინდრომი

ჰავანის სინდრომის კავშირი ГРУ-სთან და თავდასხმა თბილისში – The Insider-ის ახალი გამოძიება

ჰავანის სინდრომი

ჰავანის სინდრომის კავშირი ГРУ-სთან და თავდასხმა თბილისში – The Insider-ის ახალი გამოძიება

მასალა მომზადებულია The Insider-ის გამოძიების მიხედვით

The Inisder-მა 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სამხილები, რომ ე.წ. ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებასთან.

The Insider-ის გამოძიებას ინფორმაციის გადამოწმებასა და მოპოვებაში ტაბულას გუნდიც დაეხმარა.

თბილისი

გამოძიების მიხედვით, 2021 წლის 7 ოქტომბერს ჯოი, ამერიკელი ექიმი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის ცოლი დიღომში მდებარე სახლში სარეცხს რეცხავდა, როცა მისი სმენა მონოტონურმა ხმამ დაახშო. ჯოი The Insider-თან იხსენებს: "ჩემი ყურები გახვრიტა. მარცხენა მხრიდან შემოვიდა, თითქოს ფანჯრიდან ჩემს მარცხენა ყურში შემოდიოდა. მომენტალურად თავის გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი". ამის შემდეგ ის სარეცხი ოთახიდან სახლის მეორე სართულზე გაიქცა, აბაზანაში შევიდა და აღებინა. 

როგორც The Insider-ი წერს, ჯოი და მისი ქმარი, ჰანთერი, რომელიც თბილისში აშშ-ს საელჩოში სახელმწიფო დეპარტამენტის ატაშე იყო, საქართველოში 2020 წლის თებერვალში, COVID-19-ის ლოკდაუნის დროს ჩამოვიდნენ. (ჯოი და ჰანთერი არაა რეალური სახელები, მათ The Insider-ი პირების ვინაობის დასამალად იყენებს) როგორც საზღვარგარეთ მომუშავე აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლის ცოლს, ჯოის გავლილი ჰქონდა სპეციალური წვრთნები და ახსოვდა, რომ თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობდა, პირველ რიგში ლოკაცია უნდა დაეტოვებინა. მან საკუთარ ქმარს დაურეკა. ქალმა სახლის უსაფრთხოების კამერები შეამოწმა, რათა ენახა, ვინმე ხომ არ იყო შენობის გარეთ.

საკუთარი სახლის წინ ჯოიმ დაინახა მერსედესის მარკის კროსოვერის ტიპის შავი მანქანა, რომელიც ზუსტად მისი სარეცხი ოთახის პირდაპირ იყო გაჩერებული. გამოძიების ცნობით, ჯოი გარეთ გავიდა და დაინახა მაღალი, გამხდარი, ქერა კაცი ქალთან ერთად. ჯოიმ საკუთარი მობილური აწია, რათა მისთვის სურათი გადაეღო.

"თვალებში შემომხედა. იცოდა, რასაც ვაკეთებდი." – იხსენებს ჯოი და ამბობს, რომ კაცი ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. ქალმა ფოტო გადაუღო მანქანასა და მის ნომერს. მისი თქმით, ეს კაცი აღარ უნახავს მანამ, სანამ 3 წლის შემდეგ არ აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო. ეს პირი დაკავშირებულია დანაყოფ 29155-თან, ГРУ-ს ერთ-ერთ ჯგუფთან, რომელიც პასუხისმგებელია მკვლელობებსა და საბოტაჟებზე.

"როდესაც ეს ფოტო დავინახე, პირდაპირ სპონტანური რეაქცია მქონდა, ცუდად გავხდი. არ შემიძლია 100 პროცენტით დარწმუნებით ვთქვა, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო, მაგრამ ის მას ნამდვილად ძალიან ჰგავს. დღესაც კი, მას რომ ვუყურებ, იგივე ინტუიციურ რეაქციას ვგრძნობ." – თქვა ჯოიმ გამომძიებელ ჟურნალისტებთან.

თუმცა, როგორც The Insider-ი წერს, ალბერტი უბრალო ჯაშუში არაა. ის დანაყოფი 29155-ის მეთაურის, ანდრეი ავერიანოვის შვილია. როდესაც ზემოხსენებული შესაძლო თავდასხმა მოხდა, ალბერტი მხოლოდ 23 წლის იყო. The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ 56 წლის ანდრეი ავერიანოვი ამჟამად ГРУ-ს მეთაურის მოადგილეა და ევალება აფრიკაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის წარმართვა. ალბერტზე საჯაროდ ცნობილი იყო, რომ ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და საკუთარი სამაგისტრო ხარისხი მიიღო "მიგრაციის პროცესის მენჯმენტში", საკითხში, რომელიც მამამისის ინტერესის საგანსაც წარმოადგენს. როგორც The Insider-ი წერს, ალბერტ ავერიანოვი ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ის 20 წლის იყო, ჟენევაში დანაყოფი 29155-ის "რეზიდენტურა" გაიარა.

როდესაც ჯოიმ ფოტოზე ალბერტის სახეს შეხედა თქვა: "დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჰგავს კაცს, რომელიც ქუჩაში დავინახე".

ანდრეი ავერიანოვი

თუმცა, გამოძიების მიხედვით, ჯოის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი, როცა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს მსგავსი ინციდენტი გადახდათ. როგორც 60 Minutes-ის რეპორტაჟშია ნათქვამი, სწორედ ამ შემთხვევამდე მცირე ხნით ადრე თავდასხმის სამიზნე გახდა აშშ-ს სახელმწიფო მოხელე, მისი მეუღლე და შვილი. ამავე ცნობებით, მოპოვებულია მიმდებარე ტერიტორიიდან გადატაცებული სატელეფონო საუბარი, რომელშიც უცხო პირი რუსულად სვამდა შეკითხვას გაურკვეველ დანადგარზე, უნდა გამოეშვა თუ არა მწვანე შუქი და უნდა დაეტოვებინა თუ არა ღამე ჩართული.

არალეტალური აკუსტიკური იარაღები და ჰავანის სინდრომი

The Insider-ის, 60 Minutes-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივმა გამოძიებამ მოიპვა სამხილები, რომელთა მიხედვითაც, ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დანაყოფი 29155-ის წევრების მიერ მიმართული ენერგიის იარაღების გამოყენებასთან.

გამოძიებამ დაადგინა ფაქტი, რომ დანაყოფის მაღალი რანგის წევრებმა "არამომაკვდინებელი აკუსტიკური იარაღის" განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკურადაც დაწინაურდნენ. "არამომაკვდინებელი აკუსტიკური იარაღები" არის რუსული სამხედრო-სამეცნიერო ტერმინი, რომელიც გულისხმობს ხმისა და რადიოსიხშირეზე დაფუძნებულ მიმართული ენერგიის დანადგარებს.

The Insider-ი წერს, რომ ალბერტი და დანაყოფის სხვა წევრები სხვა ქვეყნებში მსგავს ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტებამდე (AHI - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ე.წ. ჰავანის სინდრომისთვის შექმნილი სახელი) ან მათ დროს ხშირად შეუნიშნავთ. ჟურნალისტური გამოძიება ხაზს უსვამს, რომ ჯოი არ არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელმაც დანაყოფი 29155-ის წევრის იდენტიფიცირება შეძლო.

საჯაროდ ცნობილი ვერსიისგან განსხვავებით, რომ ჰავანის სინდრომი პირველად კუბის დედაქალაქში 2016 წელს დაფიქსირდა, The Insider-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ პირველი მსგავსი შემთხვევა 2 წლით ადრე, გერმანიაში, ფრანკფურტში მოხდა. მაშინ აშშ-ს სახელმწიფოს თანამშრომელმა, რომელიც საკონსულოში მუშაობდა, The Insider-ის მიხედვით, "მძლავრი ენერგიის სხივის" დარტყმით გონება დაკარგა. მომავალში მას ტვინის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მან ასევე შეძლო ჟენავაში ბაზირებული დანაყოფი 29155-ის აგენტის იდენტიფიცირება. The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ ფრანკფურტში ეს ინციდენტი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამოცხადებისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ მოხდა.

როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, The Insider-მა, 60 Minutes-მა და Der Spiegel-მა აღმოაჩინეს დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ დანაყოფი 29155 ატარებდა ექსპერიმენტებს ზუსტად ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ექსპერტების ვარაუდით, რომ ანომალიური სამედიცინო მდგომარეობის გამოწვევის დამაჯერებელი მიზეზია. ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი სინდრომები განუვითარდა აშშ-ს ასზე მეტ დიპლომატსა და ჯაშუშს, ასევე რამდენიმე კანადელ მაღალჩინოსანს.როგორც The Insider-ი წერს, ბევრი მათგანი სპეციალიზდებოდა რუსეთზე და კარგად ფლობდა რუსულ ენას, ზოგიერთი კი ახლო აღმოსავლეთის ან ლათინური ამერიკის ექსპერტი იყო, თუმცა, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ს მთავრობის მიერ მინიჭებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი როლები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რუსეთის აგრესიისა და სადაზვერვო ოპერაციების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ყოფილმა მაღალჩინოსანმა The Insider-თან დაკავშირებით თქვა, რომ დანაყოფი 29155-ის მიზანია ლეტალური ოპერაციებისა და საბოტაჟების ჩატარება. მისივე თქმით, "ისინი მუშაობენ ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური ოცნებების მხარდასაჭერად".

ეს ჯგუფი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ГРУ-ს სასწავლო განყოფილება, თუმცა მან რეორგანიზაცია გაიარა და 2008 წელს გაფართოვდა ოპერაციულ ჯგუფად, რომელსაც დივერსიების, მკვლელობებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის ოპერაციების ჩატარება ევალება. ამ დანაყოფის სამი წევრი, პოლკოვნიკი ალექსანდრ მიშკინი, პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა და გენერალ-მაიორი დენის სერგეები პასუხისმგებლები არიან 2018 წელს ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაზე. 2015-ში კი სერგეევმა და დანაყოფის სხვა წევრებმა ბულგარელი ემილია გებრევი, რომელის იარაღის კომპანიას ფლობს, ორჯერ მოწამლეს, რადგან მისი კომპანია EMCO-ს საქართველოსა და უკრაინისთვის ჭურვები უნდა მიეყიდა. დანაყოფი 29155 იყენებდა სერბ დაქირავებულ პირებსაც, რათა მონტენეგროში, ქვეყნის NATO-ში შესვლის წინა ღამეს, გადატრიალება მოეწყოთ, რაც წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლები არიან ბულგარეთსა და ჩეხეთში იარაღის საწყობების აფეთქებებზე, რაც 2011 წლიდან დაიწყო. მათი რაზმი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე უკრაინაშიც იყვნენ გაგზავნილი.

როგორც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, ჰავანის სინდრომი არის ბიოლოგიური ეფექტი, რომელიც სხავადასხვა სახის იარაღით არის გამოწვეული. მისი სიმპტომები მოიცავს ქრონიკულ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ხანგრძლივს ფსიქოფიზიოლოგიურ დაქვეითებასა და ზოგ შემთხვევაში დაბრმავებას ან სმენის დაქვეითებას. მსხვერპლების აღწერები ერთმანეთს ემთხვევა.  ამბობდნენ, რომ ერთ წუთში თავს კარგად გრძნობდნენ, შემდეგ კი თავის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობდნენ ან წნევა აწუხებდათ. აღწერების მიხედვით, ეს ტკივილი ლოკალიზებულია თავის ერთ მხარეს, თითქოს კონცენტრირებული ენერგიის სხივში მოხვდნენ. ზოგიერთ პირს, ვინც ირწმუნებოდა, რომ მსგავსი თავდასხმის მსხვერპლები იყვნენ, თავის ტვინის მსუბუქი ტრავმებიც დაუდგინდათ. ზოგიერთი კი ამბობდა, რომ აწუხებდათ გრძელვადიანი კოგნიტური და ვესტიბულური პორბლემები, რომელთა გამოც ყოველდღიურ მუშაობას ვეღარ აგრძელებდნენ და სახელმწიფო სამსახურს ტოვებდნენ.

ჯოის, რომელიც ამბობდა, რომ მას თავს თბილისში დაესხნენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში თავის ტკივილი ყოველდღიურად აწუხებს. მან ორჯერ ჩაიტარა ყურის ნახევარრკალოვანი არხების ოპერაცია და მესამე ოპერაცია საფეთქლის ძვალზე უნდა ჩაიტაროს, რადგან ეს ნაწილი ეფიტება, რასაც, მისი თქმით, ნეიროქირურგები ვერ ხსნიან.

მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციისა და ფიდელ კასტროს ძმის, რაულ კასტროს რეჟიმს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განახლდა, კუბაში გაგზავნილი CIA-სა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები უცნაურმა ავადმყოფობამ შეაწუხა.  2017 წელს ჰავანის სინდრომმა პირველად მიიქცია საჯარო ყურადღება. შემთხვევები მოხდა ჰავანაში 2016 წლის მაისისა და 2017 წლის სექტემბრის შუალედში, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალგახსნილ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების რიცხვი რადიკალურად შეამცირა, CIA-იმ კი საელჩოდან თანამშრომლები გაიყვანა. აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებაში ცოტას თუ სჯეროდა, რომ ამ მოვლენების უკან კუბელები იდგნენ. კუნძულზე რუსეთის გავლენების გათვალისწინებით მთავარი თეორია ის იყო, რომ ეს თავდასხმები რუსეთის მიერ იყო შესრულებული და მიზნად ისახავდა აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ხელის შეშლას.

მთელ მსოფლიოში AHI-ის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი მსხვერპლები იყვნენ ამერიკელი ჯაშუშები, დიპლომატები, სამხედროები, კონტრაქტორები და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრები. ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მაღალჩინოსანი, რომელსაც მეტყველების პორბლემა, აფაზია დაემართა და სხეულის მგრძნობელობა დაკარგა, როცა ის ვაშინგტონში, ერთ-ერთი სახელმწიფო შენობის გარეთ იმყოფებოდა. ეს შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა. 2021 წელს დელიში შეუძლოდ გახდა CIA-ის დირექტორის, უილიამ ბარნსის მაშინდელი შტაბის უფროსის მოადგილე, რის გამოც ბარნსმა ინდოეთსა და პაკისტანში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტები გააუქმა. ამავე წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ჰავანის აქტს, რომელიც AHI-ის მსხვერპლებისთვის კომპენსაციის გადახდას გულისხმობს.

არსებობს მიზეზი, რის გამოც ჰავანას აქტი მხოლოდ 2021 წელს შევიდა ძალაში: ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჰავანას სინდრომი აქტიური საკამათო საგანი იყო. სოციოლოგები ერთ-ერთ ახსნად განიხილავდნენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მასობრივი ფსიქოგენური დაავადება, ან მასობრივი ისტერია. მსგავსი ვარაუდი სამედიცინო კვლევებით გამოირიცხა. აშშ-ს დაზვერვის საზოგადოების გამოძიება AHI-ის შემთხვევებზე წერდა, რომ ეს "გარე სტიმულის" შედეგი იყო. მიუხედავად ამისა, 2023 წლის მარტში, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა (ODNI) გამოსცა რედაქტირებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", რომ AHI-ის შემთხვევები გამოწვეული ყოფილიყო უცხოელი მოწინააღმდეგის მიერ. ამ შეფასებამ დაზვერვის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მათი ჯანმრთელობის გაუარესება მოწინააღმდეგის თავდასხმებმა გამოიწვია. ბევრი მსხვერპლი ფიქრობდა, რომ მთავრობა უარს ამბობდა დამნაშავეების იდენტიფიცირებაზე.

The Insider-მა და მისმა პარტნიორებმა მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები, რუსეთის დაზვერვის გადატაცებული დოკუმენტები, მოგზაურობის ჩანაწერები, მობილური ტელეფონების ინფორმაცია და მოწმეების ჩვენებები. პროექტი ხაზს უსვამს, რომ ეს მასალები მთლიანობაში ეჭვქვეშ აყენებენ ODNI-ის საბოლოო შეფასებას. პაციენტი N0, რომელსაც The Insider-ი იდენტობის დასაფარად ადამს უწოდებს, იყო CIA-ის პირველი ოფიცერი, რომელსაც ჰავანის სინდრომი კუბაზე ყოფნის დროს დაემართა. მისი თქმით, ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ "სადაზვერვო საზოგადოებას ან არ შეუძლია მისი ელემენტარული ფუნქციის შესრულება, ან ფაქტები დამალეს".

გრეგ ედგრინმა, აშშ-ს არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავდაცვის დაზვერვის სააგენტოსთვის (DIA) ჰავანის სინდრომის საქმეს იძიებს. შესაბამისად, მან მიიღო წვდომა პენტაგონისა და სხვა სააგენტოების ხელში არსებულ საიდუმლო ინფორმაციაზე. ედგრინმა 60 Minutes-თან საუბარში თქვა: "თუ ვცდები, რომ რუსეთი ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტების უკან დგას, თქვენს გადაცემაში მოვალ და ჩემს ჰალსტუხს შევჭამ".

ავერიანოვის შვილი

თბილისში მომხდარი შემთხვევის მსხვერპლის, ჯოის მიერ ალბერტ ავერიოანოვის ამოცნობას ზურგს უმყარებს ის ფაქტიც, რომ 60 Minutes-თან საუბარში აშშ-ს ორმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ რუსი აგენტი თბილისში თავდასხმის პერიოდში მართლაც იმყოფებოდა.

როგორც The Insider-ი წერს, ჯერ კიდევ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წელს დამთავრებამდე, ალბერტს მამამისი 16 წლიდან ამზადებდა, რომ დანაყოფი 29155-ის მეთაურის ადგილი დაეკავებინა. გამოძიების მიხედვით, ალბერტმა არაოფიციალური "წვრთნა" ჟენევაში, პოლკოვნიკ ეგორ გორდიენკოს ზედამხედველობის ქვეშ გაიარა. ამ უკანასკნელის შვეიცარიაში ყოფნა შენიღბული იყო დიპლომატიური სარჩულით, თითქოს ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მეორე წარმომადგენლად ჰყავდათ გაგზავნილი. წვრთნის დასრულების შემდეგ ალბერტი დანაყოფი 29155-ის აქტიური წევრი გახდა, როგორც The Insider-ის, 60 Minutes-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძება მოწმობს. ისინი ეყრდნობიან მის მიერ სხვა აგენტებთან კომუნიკაციის ჩანაწერებსა და მოგზაურობის ინფორმაციას.

ალბერტ ავერიანოვის ბავშვობის ფოტო, რომელიც აღებულია მისი უკვე გაუქმებული სოციალური ქსელი VKontakte-დან.

The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ ГРУ-ს აგენტის კვალობაზე, ალბერტ ავერიანოვი სოციალურ მედიას საკმაოდ გახსნილად იყენებს. ის თამაშობს კალათბურთს, ასევე ფეხბურთს და მოსკოვში შექმნილი საფეხბურთო კლუბი Evian-ის გუნდშიცაა, მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო საკუთარი რეალური სახელითა და გვარით, აქვეყნებს ფოტოებს საკუთარ შეყვარებულ ნასტიასთან ერთად. თუმცა, მის მოგზაურობებს ტურისტული მიზნები ნაკლებად ამოძრავებს. გაჟონილი საავიაციო მონაცემებიდან ჩანს, რომ მისი ყველაზე საეჭვო ფრენები დაჯავშნილია დანაყოფი 29155-ის ადამიანთა რესურსის დეპარტამენტის მიერ.

მაგალითად, ალბერტმაც და მამამისმაც 2021 წლის 30 სექტემბერს, ჯოის მიერ დიღომში, სახლთან მაღალი ქერა კაცის შენიშვნამდე 8 დღით ადრე, მოსკოვი დატოვეს. მამა-შვილი უზბეკეთში, ტაშკენტში ჩაფრინდნენ და აქედან მოსკოვში 11 დღის შემდეგ, 10 ოქტომბერს დაბრუნდნენ. თუმცა, როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, მათი საბოლოო დანიშნულება ტაშკენტი სულაც არ ყოფილა.

მოპოვებული სატელეფონო ინფორმაციიდან ჩანს, რომ ანდრეიმ საკუთარი მობილური ტელეფონი მოსკოვის დატოვების დღეს გათიშა და მანამ არ ჩართო, სანამ უკან არ დაბრუნდა. რაც შეეხება მის შვილს, ალბერტს მას მობილური ტელეფონი დაუყოვნებლივ არ გამოურთავს. მან 1-ელი ოქტომბრის დილით, 8:04-ზე მიიღო ზარი დაუდგენელი უზბეკური ნომრისგან, ტაშკენტში ჩასვლიდან ერთი დღის შემდეგ. ამის შემდეგ ალბერტმა მობილური გათიშა. 36 წუთის შემდეგ, 8:40-ზე დაიწყო ტაშკენტი-თბილისის რეისი. მომდევნო 10 დღის განმავლობაში მისი მობილური გათიშული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გეოლოკაციისთვის საჭირო მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც გამოძიების ხელშია, აჩვენებს, რომ 9 ოქტომბრის საღამოს ალბერტმა მობილური ჩართო, რადგან მან მიიღო უზბეკეთში უკან დაბრუნების შეტყობინება სატელეფონო ქსელი ბილაინისგან. ეს მესიჯი მიუთითებს, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზბეკეთში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში მოსკოვში გაფრენამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.

The Insider-ი ალბერტს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და ჰკითხა, იყო თუ არა თბილისში ოქტომბრის დასაწყისში, როცა ჯოიზე სავარაუდო თავდასხმა მოხდა. მან შეკითხვას ბოლომდე მოუსმინა, შემდეგ იკითხა, თუ ვინ ურეკავდა. როდესაც უპასუხეს, რომ The Insider-იდან იყვნენ, ალბერტმა მობილური გათიშა.

თავდასხმა ფრანკფურტში

წყაროების ცნობით, 2014 წლის ნოემბერში გერმანიაში, ფრანკფურტში ორი სხვადასხვა თავდასხმა მოხდა, ერთმანეთის მიყოლებით. ერთ-ერთი წყარო, მარკ ლენზი ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია. 

თავად ლენზის, ოჯახთან ერთად, ჩინური ქალაქი გუანჯოუს დატოვება 2018 წლის ივნისში მოუწია, მას შემდეგ, რაც მათ ტვინის ტრავმები დაუდასტურეს. ლენზის მიხედვით, მას და მის ოჯახს აშშ-ს მთავრობამ დიაგნოზის გაგების შემდეგ, ჰავანის აქტის შესაბამისად, ორ მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. 2014 წელს ლენზი ფრანკფურტში აშშ-ს საკონსულოში მუშაობდა. ის რეიგონული უსაფრთხოების ოფიცერი იყო. მაშინ მის კოლეგებს დაემართათ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებმაც თავად ლენზი წლების შემდეგ შეაწუხა.

ერთ-ერთი მსხვერპლი, ლენზისა და სხვა წყაროების ცნობით, საკონსულოში აშშ-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ამ ადამიანს The Insider-ი მისივე უსაფრთხოებისთვის არარეალური სახელით, ტეილორით იხსენიებს. ტეილორმა მწვავედ იგრძნო სიმძიმე, რომელიც ტორსოდან ეწყებოდა და თავამდე ადიოდა. შემდეგ იგრძნო გულისრევა და გაიგო ხმამაღალი წუილი. ტეილორმა აღებინა და გონება დაკარგა. 2014 წლის 4 ნოემბერს გერმანელმა ექიმებმა შეამოწმეს ტეილორი, რომელსაც ვესტიბულური ნევრიტი, უეცარი თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება და სისხლის მაღალი წნევა აწუხებდა. აშშ-ში დაბრუნებისას მას თავის ტვინის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს.

თავდასხმამდე რამდეიმე კვირით ადრე ტეილორს ახსოვს, როგორ გადააწყდა ძლიერი აღნაგობი საეჭვო კაცს საკონსულოს მახლობლად. მისი თქმით, კაცი ქუჩაში დადიოდა და ფოტოებს უღებდა მანქანებს, რომლებსაც აშშ-ს დიპლომატიური ნომრები ჰქონდა. ტეილორი მას გამოესაუბრა, კაცმა პასუხი რუსული აქცენტით გასცა და საჩქაროდ დატოვა ტერიტორია. The Insider-მა, 60 Minutes-მა და Der Spiegel-მა ტეილორს აჩვენეს დანაყოფი 29155-ის ერთ-ერთი წევრის, ეგორ გორდიენკოს ორი ფოტო. საგამოძიებო ჯგუფს აქვს სამხილები, რომლის მიხედვითაც, ის ნახსენებ პერიოდში ფრანფურტში იმყოფებოდა თავდასხმის წინა სადაზვერვო საქმიანობისთვის. ტეილორმა ფოტოების ნახვის შემდეგ თქვა: "დიახ, ეს ის არის. ახლაც მცრის რომ ვუყურებ".

ეგორ გორდიენკო მომავალში ალბერტ ავერიანოვს წვრთნიდა.

ეგორ გორდიენკო

ამ ყველაფრის პარალელურად რეგიონში დანაყოფი 29155-ის აქტიურობა შეინიშნებოდა. 2014 წლის 26 იანვარს პრაღაში ჩაფრინდა დანაყოფი 29155-ის ორი თანამშრომელი: ალექსანდრ მიშკინი (მის ყალბ პასპორტში გვარი პეტროვი იყო) და დენის სერგეევი ("სერგეი ფედოტოვი") - პირები, რომლებიც 4 წლის შემდეგ სკრიპალების საქმის მთავარი ფიგურანტები იყვნენ. თუმცა ამჯერად მათ სხვა დავალება ჰქონდათ. ისინი მატარებლით მიუნხენში ჩავიდნენ. აქ 30 იანვარს იქირავეს მანქანა. ორი დღით დაიკარგნენ, თუმცა მანქანის კილომეტრაჟებით შეიძლება დასკვნა, რომ ისინი სხვა ქალაქში გადავიდნენ, თუმცა უცნობია რომელში. ეს სხვა ქალაქი შესაძლოა ფრანკფურტიც ყოფილიყო. დაბრუნების შემდეგ პირდაპირ პრაღისკენ დაიძრნენ და 2 თებერვალს მოსკოვში დაბრუნდნენ. სავარაუდოდ, ეს მათი პირველი დაზვერვა იყო. 

რამდენიმე თვის შემდეგ ოპერაციის მთავარი ნაწილი დაიწყო. 25 სექტემბერს დენის სერგეევი მოსკოვიდან მილანში გაფრინდა, პარალელურად პარიზში ჩავიდა ეგორ გორდიენკო ("გეორგი გორშკოვი"). ამის შემდეგ ორივე მათგანი ჟენევაში მატარებლით ჩავიდა. აქ მათ მანქანა იქირავეს, ხუთი დღით. კვლავ უცნობია, სად მოგზაურობდნენ ავტომობილით. მოსკოვში 13 ოქტომბერს დაბრუნდნენ. ისევ სხვადასხვა გზებით.

სერგეევი და გორდიენკო მორიგმა ჯგუფმა ჩაანაცვლა. ახალი მოქმედი პირები ივან ტერენტევი ("ლებედევი") და მისი დამხმარე, ნიკოლაი იეჟოვი ("კონონიხინი") იყვნენ. ისინი ვენაში 11 ოქტომბერს ჩავიდნენ. მცირე ხნის შემდეგ, 15-ში მათ შეუერთდათ დანილ კაპრალოვი ("სტეპანოვი"). 17 რიცხვიდან 24 ოქტომბრამდე მათ შეუერთდან ალექსანდ კოვალჩუკი ("დანილინი"). აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა, მიშკინის გარდა, ერთი წლის შემდეგ ზემოხსენებული ბულგარელის, გებრევის მოწამვლა სცადა.

ოპერაცია 3 ნოემბერს დასრულდა, როცა დანაყოფი 29155-ის სამმა წევრმა ჟენევა დატოვა, თუმცა სხვადასხვა აეროპორტებიდან: იეჟოვი ვენიდან, ტერენტიევი და კაპრალოვი ჟენევიდან. 4 ნოემბერს ტეილორი ცუდად გახდა.

ჩინეთი და აბრეშუმის გზის რბოლა 

The Insider-ი ГРУ-ს მასშტაბურ პროექტზე - აბრეშუმის გზის რბოლაზე წარსულშიც წერდა. ეს იყო rსატივრთო მანქანების რბოლა. გზა ყაზანიდან იწყებოდა, გადიოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებს და სრულდებოდა ჩინეთში. რბოლას აგენტების გადაადგილების გადასაფარად იყენებდნენ. 2016 წელს რბოლა პირველად გასცდა ცენტრალურ აზიას და ჩინეთშიც ჩატარდა. სწორედ ამ წელს ქვეყანაში მყოფმა ამერიკელმა დიპლომატებმა დაიწყეს საუბარი ჯანმრთელობის უცნაურ პრობლემებზე. 

რბოლებს ორგანიზებას ბულატ იანბორისოვი უწევდა, ის შუამავლობდა დანაყოფი 29155-ის წევრებს. ის ჩინეთში 2016 წლის მაისში ჩაფრინდა, ღონისძიების მოსამზადებლად. 

2016 წლის 6 ივლისს კი ყაზანში ჩაფრუნდა დანაყოფი 29155, ძველი შემადგენლობით: ალექსეი მიშკინი ("პეტროვი"), ალექსეი კალინინი ("ნიკიტინი"), ალექსეი ტოლსტოპიატენკო ("ტიმურ ნოზიროვი") და რომან პუნტუსი ("პანოვი"). რბოლა სამ დღეში დაიწყო და სატვირთოების კოლონა ჩინეთისკენ დაიძრა. 

დანაყოფის კვალი რამდენიმე დღით დაიკარგა, თუმცა 25 ივლისს მიშკინი მოსკოვში ჩინეთიდან თვითმფრინავით ბრუნდება და პირდაპირ სანქტ-პეტერბურგში მიდის, სადაც იმყოფება სერგეი ჩეპური, სამხედრო სამედიცინო აკადემიის პროფესორი და სამხედრო მედიცინის სამეცნიერო-საკვლევი და გამოსაცდელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელთანაც მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა. ეს ინსტიტუტი პასუხისმგებელია სხვადასხვა სახის მომწამლავი ნივთიერებებისა და სხვა სახის იარაღის გამოცდაზე.

სწორედ 2016 წლის ზაფხულში ჩინეთში ამერიკის საკონსულოებში უცნაური ინციდენტები ხდება. პირველი, ვინც დაზარალდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის IT-სპეციალისტი იყო. ის ინახავდა შანხაიში მომუშავე პერსონალთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას.

მისი სიმპტომებიც მოულოდნელად დაიწყო: 12 ივნისს მას დაეწყო ძლიერი თავბრუსხვევა, ვერ იკავებდა წონასწორობას, საწოლიდინაც კი ვერ დგებოდა. ქუჩაში სიარულის დროს ის ზოგჯერ ეცემოდა, აწუხებდა მოკლე მეხსიერება. რამდენიმე თვეში სიმპტომებმა გაუარა, მაგრამ 2018 წელს კვლავ დაეწყო წონასწორობის შენარჩუნების პრობლემები. რამდენიმეთვიანი გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა მხოლოდ იმის თქვა შეძლეს, რომ უცნობმა ზემოქმედებამ გამოიწვია თავის ტვინის დაზიანება.

სერგეი ავდეენკო, დანაყოფი 29155-ის წევრი შენიღბული აბრეშუმის გზის რალის სტაფის წევრად. 2017 წელი, ჩინეთი.

ამ პერიოდიდან მოყოლებული უფრო და უფრო იზრდება იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებსაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები შეექმნათ. 2017 წლის ზაფხულში გუანჯოუში ერთდროულად რამდენიმე პირი გახდა ამ სიმპტომების მსხვერპლი. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ უცნაური მაღალი ტემბრის ხმა ესმოდათ, რაც არაფერ აქამდე გაგონილს არ ჰგავდა. ასევე ჩიოდნენ, რომ აწუხებდათ თავბრუსხვევა, აზროვნების დაქვეითება, თავის ტკივილი, მახსოვრობის დაკარგვა, უძილობა და გულისრევა. ერთ-ერთმა მსხვერპლი იტყობინებოდა, რომ უეცრად კარგავდა წონასწორობას და ყურებში სიმძიმეს გრძნობდა. შედეგად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწია, რომ გუანჯოუდან ათზე მეტი თანამშრომელი გამოეყვანა.

2017-ში მსგავსი შემთხვევა პეკინშიც მოხდა. სულ მცირე ერთი სახელმწიფო მოხელე, ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომელი იტყობინებოდა, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემები, ღებინება, წონასწორობის დაკარგვა, ყურების ტკივილი და უცნაური ხმა აწუხებდა.

როგორც The Insider-ი წერს, ჩინეთში მომხდარი შემთხვევების რიცხვი სრული არაა და შეიძლება მეტი ადამიანიც დაზარალდა. 

უცნაური დამთხვევები: ბელგრადი და ჰანოი

როგორც ჩანს, დანაყოფი 29155-ის წევრებს დანიშნულების ადგილზე ჩასვლას პირდაპირი ფრენებით ერიდებოდნენ, რათა მათ ოპერაციებზე თვალის დევნება შეუძლებელი გამხდარიყო, თუმცა ჯაშუშების რუსეთიდან გაფრენებსა და ჰავანის სინდრომის ეპიზოდებს შორის შესაძლოა საინტერესო დამთხვევების აღმოჩენა.

მაგალითად, 2021 წელს, თბილისში მომხდარ ინციდენტამდე, გენერალმა ავერიანოვმა და მისმა გუნდმა კიდევ რამდენიმე სამუშაო ვიზიტი განახორციელეს, რაც ყოველ ჯერზე ემთხვეოდა "ჰავანის სინდრომის" ეპიზოდებს. 2021 წლის 17 ივლისის საღამოს, ანდრეი ავერიანოვი, რომან პუნტუსი და ვიაჩესლავ დოლგანოვი მიდიან დუშანბეში და აგვისტოს დასაწყისში ბრუნდებიან რუსეთში. სად გაფრინდნენ ისინი უცნობია, მაგრამ მეორე დილით, 18 ივლისს, დუშანბედან გაფრინდა რეისი ბელგრადის მიმართულებით, ხოლო 26 ივლისს ბელგრადში მოხდა შემთხვევა, რომელიც შეეხო სერბეთში დისლოცირებულ CIA-ის თანამშრომელს, რომელიც მუშაობდა რუსეთზე მომუშავე განყოფილებაში.

ამერიკელმა წყაროებმა, რომლებიც ბევრი რამ იცოდნენ ამ ინციდენტის შესახებ, თქვეს, რომ თანამშრომელი ქალი, რომლის წინააღმდეგაც თავდასხმა მოხდა, საკუთარ სახლში იყო და ახალშობილს კვებავდა, როდესაც იგრძნო რაღაც, რასაც თავად ახასიათებდა როგორც "დარტყმას". ის ჯერ იატაკზე დაწვა, შემდეგ სხვა ოთახში გადავიდა. წყაროები ირწმუნებიან, რომ ქალის თქმით, ზემოქმედება ვიწროდ მიმართული იყო და ამ "სხივიდან" გასვლა შესაძლებელი იყო გვერდზე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმით. წყაროს ინფორმაციით, ქალი დარწმუნებულია, რომ ეს ზემოქმედება ბავშვამც შეიგრძნო. საბოლოოდ, მოხდა მისი ევაკუაცია, შემდეგში კი მას, როგორც სხვებს, ტვინის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს.

8 აგვისტოს კი ავერიანოვი, დოლგანოვი და პუნტუსი კვლავ სამუშაო მოგზაურობაში იყვნენ, კვლავ დუშანბეს გავლით. ისინი დაახლოებით 2 კვირის შემდეგ დაბრუნდნენ. სწორედ ამ დღეებში, 15-21 აგვისტოს შუალედში, ვიეტნამში, ჰანოიში ორი მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. დაზარალებულები კვლავ ამერიკის მოქალაქეები იყვნენ.

დაახლოებით 15 აგვისტოს დაშავდა 11 ადამიანი - საელჩოს ორი თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს ხუთი წარმომადგენელი და რამდენიმე სპეცრაზმელი. წყაროების მიხედვით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ სიმპტომებს წინ უძღოდა დამაყრუებელი ხმაურის შეგრძნება - "მტვერსასრუტის ან რეაქტიული ძრავის მსგავსი". ამის შემდეგ მკერდზე იგრძნო ზეწოლა და ცნობიერება დაებინდა. მეორემ კი იგრძნო, თიტქოს წყალში, მრავალი კილომეტრის სიღრმეზე ჩაძირეს, რის შემდეგაც დაეწყო ძლიერი თავბრუსხვევა და პანიკური შეტევა.

The Insider-ის წყაროების ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: : 21 აგვისტოს, დილით ადრე, CIA-ს თანამშრომელმა, რომელიც მანამდე უკრაინაში მუშაობდა, უცნაური შეგრძნებებით გაიღვიძა. თავიდან დაბალი სიხშირის ხმა მოესმა, შემდეგ კი თითქოს თავში აფეთქება გაისმა. ის იყო ერთ-ერთი იმ მცირე მსხვერპლთაგანი, რომელსაც ინციდენტამდე მცირე ხნით ადრე სამედიცინო შემოწმება ჰქონდა გავლილი, შესაბამისად ექიმებს შეეძლოთ შეედარებინათ როგორი იყო ბიომარკერების მონაცემები შემთხვევამდე და მის შემდეგ და დაეფიქსირებინათ ნერვული დაზიანებები. თავდასხმამდე ის ულტრამარაონებზე ასპარეზობდა, ინციდენტის შემდეგ კი 15 წუთზე დიდ ხანს ძლივს დადიოდა, როგორც თავად ამბობდა, დაბინდული გონების გამო "35%-ით ფუნქციონირებდა". ოფიციალური დიაგნოზი კი შემდეგი იყო: ნერვული ქსელის დისფუნქცია და მუდმივი დისავტონომია ტვინის დაზიანების გამო.

ამ ინციდენტში ავერიანოვის ჯგუფის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან უცნობია, სად გაფრინდნენ ისინი, ხოლო თბილისისა და ფრანკფურტის შემთხვევებისგან განსხვავებით, მათი ამბავი არც ადგილზე დაუდგენიათ. თუმცა, საინტერესოა, რომ დანაყოფი 29155-ის ოპერაციები ჰავანის სინდრომის გამოვლინებებს ემთხვევა.

"ინდივიდუალური ნამუშევარი"

როგორც ГРУ-ს შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, მათი საიდუმლო მოქმედებები ბუღალტერიის განყოფილებამ გამოააშკარავა. 12 დეკემბერს ГРУ-ს პოლკოვნიკმა და დანაყოფ 29155-ში ავერიანოვის მოადგილემ ივან ტერენტოვმა (ცრუ სახელით "ივან ლებედევი"), წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ანდრეი ჩობოტოვს. წერილში ტერენტიევი ხსნიდა, რატომ არ მიათვალა 100 000 რუბლი დაშვების დეკლარაციაში, რომელიც დაწინაურების ფარგლებში პრეზიდენტის ოფისში უნდა წარედგინა. მას შემდეგ, რაც ტერენტიევი The Insider-ის წინა გამოძიებებში გამოჩნდა, მან ოპერაციების გაგრძელება ვერ შეძლო და ის სახალინის რეგიონში მთავარ ფედერალურ ინსპექტორად დანიშნეს.

ტერენტიევი მხოლოდ ჯაშუში არ იყო, ის წარმოადგენდა მაღალკვალიფიციურ სამხედრო ინჟინერსაც. 100 000 რუბლი, რომლითაც ანტიკორუფციული სააგენტო ინტერესდებოდა, მას სწორედ "პერსპექტიული კვლევების ფონდის" სამუშაოში ჰქონდა გადახდილი. ის სამხედრო სფეროში "ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებასა და შექმნაზე" მუშაობდა. ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა მას მოსთხოვა ანგარიში, თუ რა სახის სამუშაო ჩაატარა ფონდისთვის. ტერენტიევმა თავის დამხმარეს, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ნიკოლაი იეჟოვს სთხოვა, რომ პასუხი კრემლში ელექტრონული ფოსტით გადაეცათ. იეჟოვმა გაგზავნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ტერენტიევი, როგორც კონკურსში გამარჯვებული, ფონდს საკუთარ "ინდივიდუალურ ნამუშევარს" გადასცემდა. ანტიკორუფციული დეპარტამენტი ამ პასუხით არ დაკმაყოფილდა და ამ ნამუშევრის დეტალური აღწერა მოითხოვა.

პასუხად იეჟოვმა გაგზავნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ივან ტერენტიევმა ფონდს გადასცა ნამუშევარი, რომლის სახელიც იყო "არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციური შესაძლებლობები ქალაქში სამხედრო (საბრძოლო) მოქმედებების დროს".

რა სახის "აკუსტიკური იარაღი" შეიმუშავა ტერენტიევმა? თუ იგულისხმებოდა ხმოვანი ტალღის მქონე იარაღი, შესაძლოა საუბარი ყოფილიყო ინფრახმოვან იარაღზე, რომელიც შორი მანძილიდან მოქმედებს და მტრის პანიკაში ჩავარდნას იწვევს, ან რომელსაც ექნებოდა დამაყრუებელი ხმოვანი ტალღა. თუმცა, შესაძლოა იარაღს აკუსტიკური სხვა მიზეზის გამო ეწოდა: მიკროტალღური გამოსხივება ადამიანის ყურმა გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა აღიქვას აკუსტიკურ სიგნალად, რასაც ფრეის ეფექტს უწოდებენ. ამერიკელი გამომძიებლები ჰავანის სინდრომის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად სწორედ ამ ეფექტს განიხილავენ. როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, რუსეთი პულსირებულ მიკროტალღურ გამოსხივებასა და აკუსტიკურ ხმაზე წლებია, რაც ცდებს ატარებს.

ГРУ-ს ექიმები და ოპერაცია რედუქტორი

ჰავანის სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი შემთხვევა სწორედ ჯოის ინციდენტი იყო. ორმა კლინიკამ მას დამოუკიდებლად დაუსვა ნახევარრკალოვანი არხის გახსნა, იგივე მინორის სინდრომი. ეს არის ძვლის დეფექტი, როცა შიდა ყურის ნახევარრკალოვან არხში მცირე ზომის ხვრელები წარმოიქმნება. ძირითადი სიმპტომებია ჰიპერაკუზია, როცა ადამიანს კითხვის დროს საკუთარი თვალების ხამხამი ან მოძრაობის ხმაც კი ესმის, წონასწორობის დაკარგვა, ხმაური ყურებში, რასაც პაციენტები სტვენის ხმას ადარებენ, აზროვნების დაქვეითება და შაკიკი.

მინორის სინდრომი ძალიან იშვიათი და ნაკლებად შესწავლილი მოვლენაა, რუსეთში კი მას თითქმის არავინ სწავლობს, კიროვის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის (ВМЕДА) გარდა. სწორედ ამ აკადემიის პროფესორია სერგეი ჩეპური, გენერალი ავერიანოვის უცვლელი მრჩეველი. ასევე, ეს სასწავლებელი დაამთავრა აენტმა ალექსანდრ მიშკინმაც. სწორედ ВМЕДА-ში მუშაობს ალექსანრ კოვალჩუკი ("კალინინი"), რომელიც ევროპაში 2014 წელს, ფრანკფურტის ოპერაციის დროს ჩაფრინდა. როგორც გამოძიება წერს, ВМЕДА და სამხედრო მედიცინის ინსტიტუტი არის მთავარი ადგილები, სადაც ГРУ ცდის საკუთარი წამლებისა და იარაღების ეფექტებს ადამიანისა და ცხოველების სხეულზე.

როგორც გამოძიება წერს, სწორედ სერგეი ჩეპური, როგორც ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების სპეციალისტი, ГРУ-ს აგენტებსთვის იყო და რჩება საწამლავი ნოვიჩოკის გამოყენების მთავარ კონსულტანტად. გენერალ ავერიანოვის სატელეფონო საუბრებში ჩეპური მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თანამოსაუბრე იყო. ჩეპური არამხოლოდ ბიოქიმიას, არამედ ტვინზე რადიაციის გავლენასაც სწავლობდა.

ამას გარდა, The Insider-მა, 60 Minutes-მა და Der Spiegel-მა მოიპოვა სადაზვერვო დოკუმენტები, რომლებშიც საუბარი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ საიდუმლო პროგრამა რედუქტორზე, რომელიც 1984 წელს, უკრაინაში, ხარკოვში მდებარე რადიო-ტექნიკური გაზომვის კვლევის ინსტიტუტში დაიწყო. პროგრამის მთავარი ამოცანა იყო შეესწავლათ "ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამოყენება ბიოლოგიური ობიექტების, [მათ შორის] ადამიანების ქცევასა და რეაქციებზე ზემოქმედებისთვის". ინსტიტუტი ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის გენერალური მანქანათმშენებლობის სამინისტროს, რომელიც კურირებდა საბჭოთა კავშირის კოსმოსური კვლევის პროგრამას. (დღეს მისი მემკვიდრე არის რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტო, როსკოსმოსი.) კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოკუმენტების მიხედვით, თითქმის ყოველკვირეულად მიფრინავდა მოსკოვში, რათა მოეხსენებინა თავისი მუშაობის პროგრესი.

1988 წელს ინსტიტუტმა წამოიწყო საიდუმლო პროგრამა, რომლისთვისაც შეიქმნა ცალკე განყოფილება, რომელიც ცნობილია როგორც მერვე განყოფილება. მერვე დანაყოფში 300-მდე თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა საქმიანობაც ინსტიტუტის დანარჩენი ნაწილისთვის გასაიდუმლოებული იყო. თანამშრომელთა უმრავლესობა იყვნენ მეცნიერები და საბჭოთა მოქმედი ან ყოფილი სამხედრო პირები. ჭარბობდნენ ინჟინრები და ბიოლოგები. ასევე, აქ მუშაობდნენ ფსიქიატრებიც. სამუშაო მკაცრად იყო დაყოფილი, ისე, რომ ერთმა ჯგუფმა არ იცოდა, რაზე მუშაობდა მეორე.

მერვე განყოფილების მეცნიერები ატარებდნენ ელექტრომაგნიტური ენერგიის ექსპერიმენტებს ვირთხებსა და რეზუს მაიმუნებზე. ზოგიერთი ცხოველი თერმული გამოხსივების ზემოქმედების შედეგად კვდებოდა, ზოგს კი ტვინის დაზიანება უვითარდებოდა. რედუქტორის ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, "მთავარი მიზანი" იყო "ინფორმაციის გავლენის (ე.ი. ობიექტისთვის იძულება, გააკეთოს გარკვეული ქმედებები ტვინზე ან სხვა ორგანოებზე გავლენის შედეგად) სტაბილური მექანიზმის შექმნა დაბალი ენერგიის ეფექტის გამოყენებით, სიმძლავრის ნაკადის სიმკვრივით არაუმეტეს 10 მიკროვატი კვადრატულ სანტიმეტრზე".

საბჭოთა კავშირის დაშლისა და უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ რედუქტორის მთელი სამეცნიერო ინფორმაცია КГБ-მ ხარკოვიდან მოსკოვში გადაიტანა.

რედუქტორის დოკუმენტებში ჩანს, რომ ელექტრომაგნიტური მოწყობილობის მოდელის სქემა დაუმუშავებელი და უხეში იყო: "დიდი თეფში ავტომობილის შასიზე გენერატორებით, ანტენებითა და სხვა აღჭურვილობით". საბჭოთა ექსპერტები დარწმუნებული იყვნენ, რომ შესაძლებელი იყო ამ იარაღის უფრო პატარა, მობილური ვერსიის შექმნა, რომლის გამოყენების მანძილიც, სულ მცირე, 100 მეტრი იქნებოდა.

გამოძიების მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, 2010 წელს რუსეთში უკვე სხვა კვლევითი ინსტიტუტი მუშაობდა "ბაზისური ტექნოლოგიების შემუშავებაზე ჰიდროლოკატორისა და აკუსტიკური იარაღის ახალი თაობის სისტემების შესაქმნელად". როგორც The Insider-ი წერს, ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მობილური ულტრაბგერითი არალეტალური იარაღის "ექსპერიმენტული მოდელი/პროტოტიპი", რომლის დამონტაჟებაც შესაძლებელი იყო ავტომობილებზე. მოწყობილობის მოქმედების რადიუსი 10-20 მეტრი იყო. 

2022 წლის სექტემბერში აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებამ გამოაქვეყნა საიდუმლო ანგარიში სახელად "ანომალიური ჯანმრთელობის ინციდენტები: პოტენციური გამომწვევი მექანიზმის ანალიზი", რომლის შესწორებული ვერსიაც, ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფარგლებში, მოიპოვა მარკ ზაიდმა, ჰავანის სინდრომის ათეულობით მსხვერპლის ადვოკატმა. ანგარიშში აღწერილი იყო AHI-ს ძირითადი მახასიათებლები, მათ შრის აუდიოვესტიბულური სენსორული ფენომენი, ყურებში ხმის ან წნევის შეგრძნება თავის მხოლოდ ერთ მხარეს, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ყურის ტკივილი და ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზის დაუდგენლობა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ სიმპტომების ერთ-ერთი ჰამომწვევი, შესაძლოა, მიკროტალღური ენერგა იყოს. მეორე ვარიანტი ულტრაბგერაა, მაღალი სიხშირის უხმო აკუსტიკური ენერგია, რომელსაც შეუძლია სხეულში ყურიდან ან თავის სხვა ნაწილიდან შეღწევა, რაც შედეგად გამოიწვევ ცენტრალური ნერვული სისტემის პოტენციურ დაზიანებას, განსაკუთრებით შიდა ყურში, საიდანაც აღიქმება ხმა და ბალანსი. მიკროტალღასაც და ულტრაბგერასაც შეუძლია თავის ტვინის უჯრედების დაზიანება ასევე ჰემატოენცეფალური ბარიერის გახსნა, რის შედეგადაც დაზიანებული უჯრედების პროტეინები გაიჟონება ცერებროსპინალური სითხეში, აქედან კი სისხლში გადავა. ეს ე.წ. ბიომარკერები ორგანიზმში მეტაბოლიზდება რამდენიმე საათში ან დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ რომ აკუსტიკური იარაღის მსხვერპლს სისხლის აღება თავდასხმიდან დაუყოვნებლივ დასჭირდება, რათა მსგავსი სახის დაზიანება აღმოაჩინონ.

თუმცა, როგორც ჟურანლისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, კვლავ გაურკვეველი რჩება, ზუსტად როგორ შესრულდა თავდასხმები, ან რა სახის იარაღი იყო გამოყენებული. ულტრაბგერითი იარაღის შემზღუდველი ფაქტორი მანძილია. ხმის ტალღები ღია სივრცესა და მყარ საგნებში რთულად აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი დანადგარის გამოყენების შემთხვევაში, დამმიზნებელი მსხვერპლისგან მხოლოდ 10-12 კილომეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული.

მიმართული ენერგიის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც უფრო შორ მანძილს ფარავს და შეუძლია შეაღწიოს სქელ წინაღობებში, როგორიცაა კედლები და ლითონის ბარიერები, არის მიკროტალღური პულსირებული ენერგია. ელექტრომაგნიტური პულსს შეუძლია ისეთი ფიზიკური დაზიანების მიყენება, როგორიც AHI-ის შემთხვევებში ჩნდებოდა. მისი ყოველი პულსი ენერგიის პიკს ნანოწამზე მცირე დროში აღწევს. აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც დაევალა ჰავანის სინდრომის პოტენციური მიზეზების შეფასება, დაასკვნა, რომ ამ ტიპის ენერგიამ შეიძლება დააზიანოს მემბრანები და კაპილარები, ასევე ნერვული ბოჭკოს საფარი მიელინი, რომელიც ფარავს ნერვებსა და  ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

მინორის სინდრომის შესწავლა სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში

კომენტარები