რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკელი მაღალჩინოსანი: რუსეთის ჯარი თითქმის მთლიანად აღდგენილია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე
Kim Hong-Ji/Pool/AFP via Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის კურტ კემპბელის მიხედვით, უკრაინაში განცდილი დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარის აღდგენა შეძლო.

ამასთანავე, იმის ფონზე, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის დროულად დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება, კემპბელი ამბობს, რომ რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპელი მოკავშირეებისა და NATO-სთვის წარმოადგენს. შესაბამისად, იგი ხაზს უსვამს, რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირეების ერთიანობის მნიშვნელობას.

"ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ შევაფასეთ, რომ რუსეთი სამხედრო კუთხით თითქმის მთლიანად აღდგენილია". - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ კურტ კემპბელმა ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას.

კემპბელის მიხედვით, მთავარი რამ, რაც რუსეთს ჯარის აღდგენაში დაეხმარა, ჩინეთის მხრიდან გაწეული დახმარება იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის შემდეგ, ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ირანმა რუსეთის დახმარება დაიწყეს. კემპბელისა და ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც რეპორტიორებს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი რუსეთს ეკონომიკური და სამხედრო დაბრკოლებების დაძლევაში დაეხმარა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა მარტის თვეში განაცხადა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე დაჭრილი და მოკლული ჯარისკაცების მხრივ 315 000 დანაკარგი განიცადა, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა დაიწყო. 2024 წელს მშპ-ს 6% თავდაცვაზე იყო გამოყოფილი, პარალელურად კი რუსეთი ეკონომიკის წახალისებას ცდილობს, რათა თავდაცვის ინდუსტრია საომარ ეკონომიკაზე გადაეწყოს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, "ჩვენ ცხადად დავინახეთ, თუ როგორ ეხმარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის აღდგენაში, რითაც ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობის [შეწყვეტის შედეგად] გაჩენილ სიცარიელეს ავსებს".

კომენტარები