რუსული კანონი

4 აპრილს 20:00-ზე რუსული კანონის წინააღმდეგ საორგანიზაციო შეხვედრას გამართავენ

ტაბულა

აქტივისტების მოძრაობები 4 აპრილს პარლამენტთან შეკრებას და რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების დაგეგმვისთვის შეკრებვას გეგმავენ.

"3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით - „კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”.

4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს.

ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი ამოქმედება.

გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ." – წერია მოძრაობების ღონისძიების აღწერაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები