თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსეთი: დაღესტანში დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან

Maxim Shemetov/Reuters

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებით, 31 მარტს, სპეცოპერაციის შედეგად დაღესტანში დაკავებული პირები კავშირში არიან კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან.

ФСБ-ს განმარტებით ოთხი პირისგან შემდგარი დაჯგუფება ტერორისტებს ფულითა და იარაღით ამარაგებდა, გარდა ამისა ჯგუფი დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ტერაქტს გეგმავდა. კრემლის მედიამ Ria Novosty ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ერთ-ერთი დაკავებული კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან კავშირს აღიარებს.

"დაკავებისას ბინაში იპოვეს ორი კალაშნიკოვი და 460 ტყვია. მე მივაწოდე იარაღი, იმ ბიჭებს, რომლებიც კროკუს სითი ჰოლს დაესხნენ თავს". – ამბობს დაკავებული ვიდეოში.

31 მარტს რუსმა სამართალდამცავებმა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ქალაქ კასპიისკში ჩაატარეს. ძალოვანების თქმით დაკავებულები "ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ". ადგილიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ტყვი-წამალი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ს მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები