გზის პარალიზება

რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება – გზების დეპარტამენტის განცხადება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე არაგვის ხიდის დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა კვირის ბოლოს დასრულდება და გადაადგილება ორივე სამანქანო ზოლზე იქნება შესაძლებელი.

დეპარტამენტის ცნობით, სწორედ აღნიშნულმა სამუშაო პროცესმა გამოიწვია გუშინ, 31 მარტს თბილისის შემოსასვლელთან ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება.   

"მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოები დასრულება სინამდვილეს არ შეესაბამება.

გუშინ, 31 მარტს ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება". - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები