კრიმინალი

გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი 532 126 ლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის” წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში" - წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ქრთამის სახით ჯამში 532 126 ლარი მიიღეს. 

"აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი" - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია მითითებული, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.

კომენტარები