საფრანგეთი-რუსეთი

მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირებით მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს

REUTERS/Gonzalo Fuentes/Pool/File Photo

მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს. მაკრონის თქმით, ISIS-ის ის დანაყოფი, რომელიც მოსკოვის ტერაქტზეა პასუხისმგებელი, ტერორისტულ თავდასხმას საფრანგეთის მიწაზეც გეგმავდა და ბოლო თვეების მანძილზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა.

მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთმა რუსულ სამსახურებს ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზა, რაც მათ შორის ტერორისტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს. 

ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მის კოლეგასთან, რაზეც მაკრონმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს კომუნიკაცია მინისტრების და ტექნიკურ დონეზე ხორციელდება. 

მაკრონის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თავდასხმის ინსტრუმენტად გამოყენება და ფაქტების დამახინჯება და იმედოვნებს, რომ რუსეთიც ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე თავდასხმაში კვლავ უკრაინა და ასევე დასავლეთი დაადანაშაულა.

"რუსეთისთვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ" - თქვა ემანუელ მაკრონმა. 


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები