თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს, ბრალი ოთხივემ აღიარა

დალერჯონ მირზოევი, მუჰამადსობირ ფაიზოვი, ფარიდდუნ შამსუთდინი, მუროდალი რაჩაბალიზოდა

კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტერორისტებს ჯერჯერობით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალი ოთხივემ სრულად აღიარა. რუსეთის სისხლის სამართლის 205-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. მათგან ორმა რუსული არ იცის.

ეჭვმიტანილები სასამართლოში, სადაც პროცესი დახურულ ფორმატში ჩატარდა, ნაცემები მიიყვანეს.

დალერჯონ მირზოევი სასამართლო პროცესზე პირველი წარდგა. ის ნაცემი იყო, კისერზე კი პოლიეთილების პარკის ნარჩენები ჰქონდა შერჩენილი. 32 წლის მირზოევი, რომელსაც ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი, მცირე ხნის წინ სამი თვით რეგისტრირებული იყო რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში.

მეორე, რომლის პროცესიც ჩატარდა, მუროდალი რაჩაბალიზოდა იყო. ის არის 30 წლის, ჰყავს ოთხი შვილი. ამას გარდა, მან პროცესზე თქვა, რომ რეგისტრირებულია რუსეთში, თუმცა არ ახსოვს სად. 23 მარტს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავებულ მუროდალი რაჩაბალიზოდას რუსი სამართალდამცველი პირში მოჭრილ ყურს ტენიდა და ურტყამდა. 

მესამე ფიგურანტი, რომელმაც ბრალი აღიარა, არის შამსიდინ ფარიდუნი, რომელიც 25 წლისაა, ჰყავს ცოლი და 8 თვის შვილი. რეგისტრირებულია მოსკოვის მიმდებარედ მყოფ კრასნოგორსკში, სადაც კროკუს სითი ჰოლი მდებარეობს. ის აქ ქარხანაში მუშაობდა. 24 მარტს გავრცელდა ფოტო, რომელშიც ფარიდუნის წამება იყო ასახული.

მეოთხე ფიგურანტი მუჰამადსობირ ფაიზოვია. ის გასულ დღეს რეანიმაციაში იმყოფებოდა და სასამართლო პროცესზე საკაცით შეიყვანეს. აქამდე რუსულ ძალოვან ორგანოებთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხები ირწმუნებოდნენ, რომ ის ადევნების დროს დაიჭრა. ფაიზოვი 19 წისაა. ის ქალაქ ივანოვოში საპარიკმახეროში მუშაობდა.

სასამართლოს განმარტებით, სხდომა დახურულ ფორმატში იმიტომ ჩატარდა, რომ არ გაეთქვათ "სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოები", ასევე "პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის".


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები