თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

BBC: მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მოკლულია

გამოცემა BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ 22 მარტს მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე, სულ მცირე, ორი პირი მოკლულია.

BBC-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი საკონცერტო დარბაზშივე იპოვეს, ხოლო მეორე ტერორისტი მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა თეთრი Renault-ის მანქანა გააჩერეს.

გამოცემის თქმით, მათ მფლობელობაში ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლია. იგი 30 წლის ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა, გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ავრცელებს, რადგან "უცნობია, იცის თუ არა მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა".

გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელი 2018 წლამდე რუსეთის ქალაქ პოდოლსკში ცხოვრობდა, სადაც იგი რუსეთში 90 დღეზე მეტხანს დარჩენისთვის 5000 რუბლით დააჯარიმეს და რუსეთიდან გასვლა უბრძანეს.

როგორც ირკვევა, ტერორისტულ თავდასხმამდე აღნიშნული პირის წინააღმდეგ სასჯელაღსრულებითი პროცესები დაიწყო, რის ფარგლებშიც საქმის მწარმოებელმა მისგან 2.5 ათასი რუბლის მიღება სცადა.

ამას გარდა, BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ისინი შამსიდინ ფარიდუნის დოკუმენტსაც ფლობენ. გამოცემის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პირია, ვისი დაკითხვის ვიდეოც რუსულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. იგი 1998 წლის 17 სექტემბერს არის დაბადებული და ამჟამინდელი პასპორტი ტაჯიკეთში 2021 წელს მიიღო.

კომენტარები