მოლდოვა

მოლდოვის პარლამენტმა ევროინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას დაუჭირა მხარი

მოლდოვის პარლამენტი
https://twitter.com/Parliament_RM

მოლდოვის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დეკლარაციას მოწინააღმდეგე ხმების გარეშე, 54 ხმით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, ევროინტეგრაცია "მოლდოვის უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ეროვნულ პროექტად" არის მოხსენიებული.

"მხოლოდ ევროპაში შესვლას შეუძლია ქვეყნის, როგორც სუვერენული, ნეიტრალური და სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს, მომავლის უზრუნველყოფა". - წერია დეკლარაციაში.

კომუნისტებისა და სოციალისტების პრორუსულმა ოპოზიციურმა ბლოკმა ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო და პარლამენტის დარბაზი დატოვა. 

პარალელურად, სეპარატისტული დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ მოლდოვის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრები ეღიარებინა. 

"სხვა გზა არ არის. აღარ შეიძლება ავტონომიაზე საუბარი. უნდა წახვიდეთ ამ ტერიტორიებიდან". - თქვა კრასნოსელსკიმ. 

მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები