რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა, დაშავდა 10 ადამიანი

კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, 21 მარტი, 2024
REUTERS/Alina Smutko

21 მარტს დილით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში დაიწყო, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, ხოლო საცხოვრებელი შენობები და სამრეწველო დაწესებულებები დაზიანდა. თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა რაკეტის განადგურება შეძლეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის სერგიი პოპკოს თქმით, ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიევზე პირველი ფართო მასშტაბის იერიში იყო, რისთვისაც რუსეთმა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.

"44-დღიანი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა". - განაცხადა პოპკომ: "ყველა საგანგებო სამსახური ადგილზე მუშაობს. სარაკეტო თავდასხმით დამდგარი შედეგების გასუფთავება მალევე დაიწყება".

დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, ხოლო ორი მათგანი, მათ შორის 11 წლის გოგო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთანავე, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო დაცვის სისტემებმა 31 რუსული რაკეტა გაანადგურეს. კლიჩკოს თქმით, განადგურებული რაკეტების ნარჩენები საცხოვრებელ შენობებს, სამრეწველო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღს დაეცა.

კომენტარები