დანი ალვეშის საქმე

ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეშს პატიმრობის €1 მილიონის ოდენობის გირაოთი შეცვლა შესთავაზა

ბარსელონას სასამართლომ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დანი ალვეშს პატიმრობის გირაოთი შეცვლა შესთავაზა. ამისთვის კლუბ ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს €1 მილიონი გადახდა მოუწევს. 

პატიმრობიდან გათავისუფლების პირობების თანახმად, ალვეშს ეკრძალება ესპანეთის დატოვება და ის ვალდებულია, ყოველ კვირა გამოცხადდეს სასამართლოში. ამასთან ერთად, ალვეშის წინააღმდეგ სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

კლუბ ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ  22 თებერვალს ცნეს და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კატალონიურმა სასამართლომ დანი ალვეში დამნაშავედ ცნო 2022 წლის 30 დეკემბერს ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტზე.

ორი დღის შემდეგ ქალმა დანი ალვეშის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ყოფილმა ფეხბურთელმა ის კლუბის ტუალეტში გააუპატიურა.

ალვეში ამტკიცებდა, რომ ქალს საშუალება ჰქონდა ტუალეტი დაეტოვებინა "თუ მას ამის სურვილი ჰქონდა", თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ქალს მისთვის თანხმობა არ მიუცია.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეში დაზარალებულის ჩვენების გარდა, არსებობს მტკიცებულება, რომელიც გაუპატიურების ფაქტს ადასტურებს.

სასამართლომ ალვეშს დაზარალებულისთვის 150 000 ევროს გადახდაც დააკისრა.

კომენტარები