რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: რუსეთი შესაძლოა NATO-ს თავს უკვე 2026 წელს დაესხას

ანდჟეი დუდა პოლონეთის არმიის დღეზე, 2023 წლის 15 აგვისტო.
prezydent.pl

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთს შესაძლოა მალე ისეთი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, რომ NATO-ზე თავდასხმა უკვე 2026-27 წლებში შეძლოს. ამის შესახებ დუდამ CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა არ გახდეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე.

"ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი მოხსენებები და მე ახლახან ვნახე გერმანელი ექსპერტების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, 2026-2027 წლებში რუსეთს ჰქონდეს ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომ NATO-ზე თავდასხმა შეძლოს. პუტინმა თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. ჯერ კიდევ 2-3 წელია დარჩენილი, ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის გაზრდა, საბრძოლო მასალის შეგროვება, იარაღის წარმოება, ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა და ომისთვის მომზადება ისე, რომ ეს არ მოხდეს". - თქვა დუდამ.

ამავდროულად, დუდამ აშშ-ს მოუწოდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, ამის ფასი მოგვიანებით მკვეთრად გაიზრდება.

"ეს რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეწყდეს, თუ არ შეჩერდა, გავრცელდება და მაშინ ვშიშობ, რომ ამერიკული ფული არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, ამერიკული ჯარები უნდა ჩაერიონ და ეს არავის უნდა". - თქვა დუდამ.

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ინიციატივა NATO-ს ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების ზღვარის მშპ-ს 2%-დან 3%-მდე გაზრდის შესახებ.

კომენტარები