საერთაშორისო ფონდების დაფინანსება

რეჟიმს აფხაზეთში ჩადენილი გენოციდის ამბის გატანაზე აქვს პრობლემა - ბოკერია პაპუაშვილს

გიგა ბოკერია/შალვა პაპუაშვილი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია შალვა პაპუაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ იმ რეჟიმს, რომელსაც არასდროს უთქვამს, რა ფულს ხარჯავს რუსეთი საქართველოში, პრობლემა აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდის ამბის მსოფლიოში გატანაზე აქვს.

"ევროპული საქართველო თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მაგალითად ისეთ პროექტებზე, როგორიცაა "ბუჩამდე იყო აფხაზეთი", ანუ 90-იანებში აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდის ამბის გატანა მსოფლიოში - ამაზე აქვს პრობლემა დღევანდელ რეჟიმს.

იმ რეჟიმს, რომელიც ერთ სიტყვას არ ამბობს იმაზე, თუ რა ფულს ხარჯავს ჩვენი მტერი საქართველოში, იქნება ეს "პრიმაკოვის ფონდი", "გორჩაკოვის ფონდი", თუ სხვა. მეტიც ამავე ჯგუფებს თვითონ აძლევენ ფულს, რადგან მათი მოკავშირეები არიან. ეს არის მთავრობა, რომელიც დღეს ხმას არ იღებს იმაზე, რომ გენოციდის შემდეგ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების საკუთრებას საერთაშორისო ფირმები აქირავებენ". - ამბობს ბოკერია.


19 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს უცხოური ფონდების მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების საკითხი. მან დააკონკრეტა, რომ ამერიკის დემოკრატიის ფონდის (NED) დაფინანსება მიედინება პარტიებში – დროასა და ევროპულ საქართველოში.

შალვა პაპუაშვილი წარსულშიც არაერთხელ დაესხა თავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას. 2024 წლის 9 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად, ევროპული საქართველოს განშტოებაა.

გასული წლის გაზაფხულზე კი პაპუაშვილმა რუსთავი ორის ეთერში განაცხადა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი [EED] აფინანსებს ტაბულას, რომელიც, "ფაქტობრივად პარტიული მედიაა".

კომენტარები