რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: მისი უწმინდესობა პაპი შევიდა ბაღში, რომელშიც არავინ ეპატიჟებოდა

EPA

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პაპი ფრანცისკეს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაკეთებულ კომენტარი გააკრიტიკა.

"მისი უწმინდესობა პაპი შევიდა ბაღში, რომელშიც არავინ ეპატიჟებოდა". - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გამოყენებული ფრაზა ესპანური იდიომია, რომელიც საკუთარი თავისთვის პრობლემების გამოწვევას აღნიშნავს.

ბორელმა დაამატა, რომ არასწორია, "უკრაინას მოუწოდებდე, დანებდეს". მისი თქმით, "პირიქით, ახლა დროა, რომ მისი დახმარება გაგრძელდეს".

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ მან რომის პაპის განცხადების შინაარსი ვერ გაიგო.

"გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა. ვერ ვიგებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ". - ამბობს ბერბოკი.


პაპმა ფრანცისკე I-მა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომში ძლიერი იქნება ის, ვისაც თეთრი დროშის აწევის გამბედაობა ეყოფა.

პაპს ჟურნალისტმა უკრაინის მხრიდან თეთრი დროშის აწევის შესაძლებლობის შესახებ დაუსვა კითხვა, რასაც კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლმა ასე უპასუხა:

"ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც ამ სიტუაციაში იფიქრებს საკუთარ ხალხზე და თეთრი დროშის გამბედაობა ეყოფა. სიტყვა "მოლაპარაკება" უმამაცესი სიტყვაა. როდესაც ხედავ რომ მარცხდები და კარგად არ მიდის ყველაფერი, უნდა გქონდეს მოლაპარაკების სიმამაცე". – თქვა პაპმა.

კომენტარები