ნარკოდანაშაული

აეროპორტში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელსაც 10 შეკვრა ჰეროინი "სხეულით შემოჰქონდა"

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორისაა ირანის მოქალაქე მ.ს, რომელსაც "სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრამი ჰეროინი შემოჰქონდა". TV პირველის ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რადგან სამართალდამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მგზავრს ქვეყანაში ნარკოტიკი შემოჰქონდა - მას ექიმებმა 10 შეკვრა ჰეროინი ამოუღეს.

"სხეულში იყო 10 ე.წ შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი... ამოღებული იქნა უშუალოდ ბრალდებულის სხეულიდან ნარკოტიკული საშუალებები. ქიმიური ექსპერიტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, რომ სწორედ ამ პირმა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება" - ამბობს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ირანის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები