აფეთქება

სამტრედიის ქუჩაზე, კორპუსში აფეთქება მოხდა – მერიის ცნობით, არავინ დაშავებულა

თბილისის მერია

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 13 მარტის ღამეს აფეთქება მოხდა

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

"სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, არის კომერციული ფართი, შიგნით მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ ამ ეტაპზე დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ არ დაშავებულა". - თქვა მუსელიანმა. 

თბილისის მერიის განცხადებით, კორპუსის 93 მაცხოვრებელი დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილი. 

"სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.

კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ. პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები". - წერს მერია. 

კომენტარები