ევროკავშირი-სომხეთი

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შესაძლო კანდიდატობის გზაზე სომხეთს მხარი დაუჭიროს

Facebook/European Union in Armenia

13 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესაძლებლობას უჭერს მხარს.

დოკუმენტით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ავტორობით შეიქმნა და რომელსაც ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს, შესაძლო კანდიდატობის გზაზე სომხეთს მხარი დაუჭირონ.

"თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი". - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, სომხეთთან თანამშრომლობის გაფართოებას, არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სექტორული ინტეგრაციის სფეროებში აქტიურად დაუჭირონ მხარი.

გასულ კვირას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს და რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

კომენტარები