რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: აშშ უკრაინისთვის $400 მილიონამდე ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს

REUTERS/Valentyn Ogirenko

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც $400 მილიონამდე იქნება. ამის შესახებ Reuters-თან ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს განაცხადა.

მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვის პირობით თქვეს, რომ დახმარების შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გვიან გავრცელდება. ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი ახალი დახმარების პაკეტი იქნება, სანამ აშშ-ს კონგრესი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდება.


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები