არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

shutterstock

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გაუპატიურებაში ადანაშაულებს - ბრალდებულის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. 

დაკავებულის მეუღლის თქმით, ბავშვი დედამისის თანხმობით რჩებოდა მათთან. ქალი ამბობს, რომ "მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებულია". 

"ეს ბავშვი დამიკავშირდა, დახმარება მთხოვა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედამისი საჭმელს არ აჭმევდა, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე. 

გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედამისის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან. 

პოლიცია შემოვიდა, მითხრეს ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დამთავრდა და ჩამოჰყავდათ, იქ მითხრეს, რომ დაკავებული იყო გაუპატიურების მუხლით. 

ვუთხარი, რომ მეორე ადამიანი შეწირეთ ამ ბავშვის ენითთქო. არ ვიცი, რატომ გააკეთა ამ ბავშვმა ეს. ჩემს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ" - თქვა ბრალდებულის მეუღლემ TV პირველთან.  

დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში მხოლოდ ბავშვის ჩვენება არსებობს. მისივე თქმით, მოზარდის ჩვენების საფუძველზე კიდევ სხვა პირია ანალოგიურ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული. 

"არსებობს მხოლოდ ამ ბავშვის ჩვენება, ურთიერთგამომრიცხავი. დაცვის მხარეს, ჩვენ, გამოკითხული გვყავს თითქმის მთელი სოფელი, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულად ცნობილი ბავშვი არის მატყუარა და მან მთელი სოფელი წაკიდა ერთმანეთს, რადგან ათასგვარ ჭორებს უვრცელებს ამ ხალხს. მისი ჩვენების საფუძველზე კიდევ სხვა პირია ანალოგიურ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა ეჭვი, რომ ბავშვი თავის ჭკუაზე ატარებს სამართალდამცავ ორგანოებს" - ამბობს დაცვის მხარე. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ინფორმაცია უწყებამ არ მოგვაწოდა. შსს-ს წარმომადგენელი TV პირველთან ამბობს, გამოძიება დაწყებულია 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

"ჩვენ კანონიერად ვიქცევით, დაწყებული გვაქვს გამოძიება 141-ე მუხლით, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. [...]მტკიცებულებები არის" - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი TV პირველთან. 

სასამართლო პროცესი დახურულია, რადგან არასრულწლოვნის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

კომენტარები