საქართველო-რუსეთი

კარასინი: დაინტერესებული ვართ ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით

გრიგორი კარასინი

11 მარტს რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში რუსეთის ფედერაციული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, რომელიც საქართველოსთან არაფორმალურ საუბრებში მოსკოვის მხარეს წარმოადგენს, თქვა, რომ დაინტერესებული არიან "ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით". მისივე თქმით, ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატში ზურაბ აბაშიძის გიორგი ქაჯაიით ჩანაცვლების შემდეგაც, ეს პროცესი "მოთხოვნილი იქნება".

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც იქნება მოთხოვნილი. რუსეთი დაინტერესებულია ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგითა და სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით." – თქვა კარასინმა. 

კარასინის აზრით, გასული წლების განმავლობაში აბაშიძესთან არაფორმალური მოლაპარაკებების წყალობით ბევრი რამ გაკეთდა. მისი თქმით, შეხვედრებზე ხშირად ეხებოდნენ რუსეთ-საქართველოს მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციების პირობების გამარტივებას, რაც საბოლოოდ 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტების დროს უვიზო რეჟიმის მიღწევითა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებით დასრულდა. 

კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს რუსეთმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას, დაწყებულიყო ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება, რისთვისაც შეიქმნა ორმხრივი არაფორმალური დიალოგის მექანიზმი. მან ასევე აღნიშნა, რომ აბაშიძესთან ბოლო წლებში შედგა 26 შეხვედრა, მათ შორის უმეტესობა პირისპირ, პანდემიის დროს კი ონლაინ ფორმატში.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თანამდებობას დატოვებდა და დაიკავებდა პრემიერის მრჩევლის პოზიციას. რუსეთთან არაფორმალურ საუბრებში მონაწილეობას ახლა მის ნაცვლად გიორგი ქაჯაია მიიღებს.

"პრაღის ფორმატს პირობითად ასე უწოდებდნენ ხოლმე - "აბაშიძე-კარასინის" ფორმატი - რეალურად ეს არის პრაღის ფორმატი, ადრე ხშირად ვამბობდი ხოლმე, შეიძლება იყოს აბაშიძე, შეიძლება იყოს სხვა პიროვნება, მართლაც, ახლა იქნება ქაჯაია. ახლა უნდა შეეჩვიოთ ამ კარგი პიროვნების სახელსა და გვარს. [...] ახლა იქნება "ქაჯაია-კარასინის" ფორმატი." – თქვა აბაშიძემ 11 მარტს.

 

კომენტარები