საქართველო-რუსეთი

"სერიოზული მიღწევები გვქონდა მისი ძალისხმევით" – ზურაბ აბაშიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თანამდებობას ტოვებს და პრემიერის მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ის იყო წლების მანძილზე პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა, მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა, წარმატებები ვუსურვო უკვე ახალ თანამდებობაზე.

ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას" - თქვა კობახიძემ.

პრემიერმინისტრის ცნობით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტს გიორგი ქაჯაია დაიკავებს. ის აქამდე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები