აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასასრული, მე ვთხოვე პრემიერს, სხვა პიროვნებაზე გვეფიქრა

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი
რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის თქმით, მან რამდენიმე თვის წინ მიმართა მაშინდელ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე სხვა ადამიანი დაენიშნათ.

"ყოველთვის ვგრძნობდი მისგან [ირაკლი ღარიბაშვილი] მხარდაჭერას, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. 

ლოგიკა მარტივი იყო - 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი მოსაზრება, წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა, დაბრუნებულიყო. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე" - თქვა აბაშიძემ, რომელიც დღეიდან ირაკლი კობახიძის მრჩეველი იქნება.  ის პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

"ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. ის იყო წლების მანძილზე პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა, მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა, წარმატებები ვუსურვო უკვე ახალ თანამდებობაზე.

ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას" - თქვა კობახიძემ.

პრემიერმინისტრის ცნობით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტს გიორგი ქაჯაია დაიკავებს. ის აქამდე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები