რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ინდოეთში ტრეფიკინგის მსხვერპლებს მოტყუებით უკრაინაში რუსეთისთვის საომრად გზავნიდნენ

Hemil Mangukiya Family/Handout via REUTERS/File Photo

ინდოეთში მსხვილი ტრეფიკინგის ქსელი გამოააშკარავეს, რომლის ფარგლებშიც ინდოელ მოქალაქეებს მოტყუებით რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს საბრძოლველად გზავნიდნენ.

"ინდოეთის მოქალაქეებს, რომლებიც ტრეფიკინგს ემსხვერპლნენ, საომარი როლებისთვის მომზადებას უტარებდნენ და რუსეთ-უკრაინის საომარ ზონაში, მათი სურვილის წინააღმდეგ, ფრონტზე აგზავნიდნენ". - წერს ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიურო (CBI).

CBI-ს თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით, რუსეთში 35 კაცი იყო გაგზავნილი, მათ შორის ზოგმა საომარ ველზე „მძიმე დაზიანებები“ მიიღო. გაგზავნილთაგან 2-ს მოატყუეს, რომ ჯარში „დამხმარეებად“ იმუშავებდნენ, მაგრამ ფრონტზე გაგზავნეს, სადაც ისინი გარდაიცვალნენ.

ბიუროს ინფორმაციით, დამნაშავეები ინდოეთის რამდენიმე შტატში მოქმედებდნენ და მსხვერპლებს მაღალანაზღაურებადი და სარფიანი სამსახურის შეთავაზებით იზიდავდნენ. ისინი სოციალური მედიის პლატფორმებსა თუ ადგილობრივ კონტაქტებს იყენებდნენ.

კრიმინალები ზოგიერთ კაცს ასევე რუსეთში „საეჭვო კერძო უნივერსიტეტებში“ ჩარიცხვასა და „ვიზის უფასო გახანგრძლივებას“ სთავაზობდნენ.

გამოძიების ბიუროს მიხედვით, ოპერაციის ფარგლებში გარკვეული დოკუმენტები, ელექტრონული ანგარიშები და 50 მილიონი რუპია ამოიღეს.

„სხვადასხვა ადგილას ასევე გარკვეული ბრალდებულები დავაკავეთ გამოკითხვისთვის“. - წერია CBI-ს განცხადებაში.

კომენტარები