ოკუპირებული აფხაზეთი

დროა: დავით ხიდაშელი აფხაზეთის მარიონეტებს ესაუბრებოდა, ვოლსკის მათი პოზიციები გააცნო

დროა

პარტია დროა წერს, რომ რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ქართული ოცნების დეპუტატსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა. ხიდაშელისა და ვოლსკის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფე მელოგრანოში შედგა, რისი დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალა დროამ გამოაქვეყნა, თუმცა, თავად დიალოგის შინაარსს, პარტია ციტირებს.

როგორც დროაში ირწმუნებიან, მათმა წარმომადგენლებმა გაიგეს ხიდაშელისა და ვოლსკის სასაუბრო თემის ნაწილი. მათი მტკიცებით, რუსეთთან კავშირების მქონე ბიზნესმენი პირდაპირ ელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათი პოზიციები ქართული ოცნების დეპუტატს გააცნო.

"რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს." – წერენ დროაში.

ამას გარდა, როგორც დროაში ირწმუნებიან, ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან კონფედერაციის შექმნაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანაზე, ბიზნესურთიერთობებსა და რკინიგზის გაუქმებულ მონაკვეთზე.

"2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან; 3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე; 4. “რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული” - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;ვ5. “7 კომპანიაა და 20% დღგ” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;" – წერს დროა.

ამას გარდა, როგორც პარტია ირწმუნება, გია ვოლსკიმ ხიდაშელს უპასუხა, რომ ამ თემის დასაძრავად უნდა ჰქონდეს გარკვეული გარანტიები, რომ იქნება საპასუხო რეაქცია.

""მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი." - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;" – წერს დროა.

როგორც დროა წერს, ხიდაშელმა თქვა, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, ქართული ოცნების ახლანდელ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევდა, ჰქონოდა ოკუპირებული აფხაზეთის 5 ე.წ. მინისტრთან კომუნიკაცია.

""ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;" – დროას მტკიცებით, უთხრა ხიდაშელმა ვოლსკის.

""თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება" -ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს." – დროას ცნობით, უთხრა ვოლსკიმ ხიდაშელს.

ბოლო ხანებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი პერიოდულად აქებს საქართველოს მმართველ პარტიას და მათ პოლიტიკას პრაგმატულსა და გონიერს უწოდებენ.

 

კომენტარები