რუსეთი

რუსეთმა გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (Росфинмониторинг) ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს.  

გამოცემის თანახმად, 2023 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპაროვისა და "თავისუფალი რუსეთის ფორუმის" თანადამფუძნებლის, ივან ტიუტრინის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კასპაროვმა და ტიუტრინმა რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებისთვის სახსრების ასაგროვებლად აუქციონი გამართეს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. 

ТАСС წერს, რომ კასპაროვსა და ტიუტრინს სასჯელად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც კასპაროვი, ისევე ტიუტრინი რუსეთში ე.წ. უცხოურ აგენტებად არიან გამოცხადებულები. 

2022 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელ აგენტების სიას ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი და ბიზნესმენი, მიხაილ ხოდოროვსკი დაამატა.

კომენტარები