უკრაინის შეიარაღებული ძალები

სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალებში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ზოგიერთი ბრიგადის მეთაურს, რომელთა ქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინელი სამხედროების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამის შესახებ სირსკიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

"სამი დღის განმავლობაში ცხადი გახდა, რატომ ხდება, რომ პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და ტექნიკური აღჭურვის ერთი და იმავე მაჩვენებლების პირობებში, ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს მტრის თავდასხმების შეკავებას და პოზიციების დაცვას, სხვები კი ვერ.

უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია ბრიგადის მეთაურზე, მის მომზადების დონეზე, გამოცდილებაზე, ადეკვატური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარზე და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე, ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აღებული პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებაზე". - თქვა სირსკიმ. 

როგორც სირსკიმ აღნიშნა, ცალკეულ ბრიგადებში, სადაც პერსონალის მომზადების პრობლემაა, "გამოცდილების გადასაცემად და დახმარების გასაწევად სპეციალისტთა ჯგუფები გაგზავნა". 

"ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მეთაური ვერ აკონტროლებს სიტუაციას და ქმედებები და ბრძანებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იძულებული ვარ მივიღო საკადრო გადაწყვეტილებები". - თქვა სირსკიმ. 

კომენტარები