რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის დამატებით €50 მილიარდს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭო
European Parliament/Multimedia Centre

28 თებერვალს ევროპის კავშირის საბჭომ სამი საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლებსაც 2021-2027 წლის გრძელვადიან საფინანსო გეგმაში ცვლილებები შეაქვს და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ცვლილებების ამოქმედებამდე ეს საბოლოო ეტაპია. გეგმაში დაგეგმილი ცვლილებები მას შემდეგ შევა, რაც მომდევნო დღეებში პაკეტს ხელი მოეწერება და EU-ს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

პაკეტი, რომელიც ევროკავშირის ახალი გამოწვევების საპასუხოდ დამატებით თანხას გამოყოფს, მთლიანობაში 64.6 მილიარდ ევროს მოიცავს, რომლიდანაც 50 მილიარდი უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების გარდა, პაკეტი ევროკავშირის სხვა კანონიერ ვალდებულებებსა და საჭიროებებს პასუხობს, რომელთა დასაკმაყოფილებლად უწინდელი ბიუჯეტი საკმარისი არ იყო. თანხა, სხვა საჭიროებებთან ერთად, მიგრაციისა და საზღვრის კონტროლსა და EU-სა თუ მსოფლიოში ბუნებრივი და ჰუმანიტარული კატასტროფებისთვის გამოყოფილ დახმარებას მოხმარდება.

მანამდე, 27 თებერვალს ეს მაკროსაფინანსო პაკეტი ევროპარლამენტმა დაამტკიცა.

ევროპის კავშირის საბჭომ ევროკავშირის 2021-2027 წლის გრძელვადიანი საფინანსო ჩარჩო 2020 წლის დეკემბერში მიიღო. მოულოდნელი ფაქტორების გამო, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ცვლილებების პაკეტი ევროკომისიამ 2023 წლის 20 ივნისში წარადგინა.

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს.

კომენტარები