რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების კიდევ ერთი А-50 ჩამოაგდეს

А-50

უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ცნობას, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების უკვე მეორე რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გაავრცელა თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოც. 

უკრაინული მედიის წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო თვითმფრინავი ეისკისა და კრასნოდარის ტერიტორიების შუაში ჩამოვარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევა რუსეთის ცაში მოხდა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოებიც, რომლებშიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგი ჩანს.

აქამდე პირველი А-50 რუსეთმა იანვრის შუა რიცხვებში დაკარგა. კერძოდ, 15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის მქონე თვითმფრინავი  Ил-22М დააზიანეს.

მაშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა А-50 ჩამოაგდეს. ის ირწმუნებოდა, რომ ეს საჰაერო ძალების დაგეგმილი და შესრულებული ოპერაცია იყო. საწინააღმდეგოს ამბობდნენ რუსი Z-ბლოგერები, მათ შორის რუსეთის საჰაერო ძალების ყოფილი პილოტის ტელეგრამ-არხი - Fighterbomber-ი. ომის მხარდამჭერი ბლოგერები ირწმუნებოდნენ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდო.

А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

თავდაპირველად ზალუჟნი წერდა Ил-22М-ის განადგურების შესახებაც, თუმცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი ანაპის აეროპორტში დაჯდა. გავრცელდა აეროპორტში დამჯდარი თვითმფრინავის დაზიანებების ფოტოც. შემდეგში უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა დაადასტურა, რომ დაზიანებულმა Ил-22-მა აეროპორტში დაშვება შეძლო.

 

 

კომენტარები