უკრაინულ მედიებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს.
ცნობა თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. შემდეგ ინფორმაცია დააზუსტა მედია РБК-Украина-მ, რომლის წყაროც სამხედრო პირი იყო. ცნობა გაავრცელა კიდევ ერთმა უკრაინულმა მედიამ, Громадське-მ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით.
მედიის მიხედვით, А-50-ის ჩამოგდების გარდა, დააზიანეს თვითმფრინავი Ил-22М-იც, რომლის პილოტმა, ცნობების მიხედვით, ანაპის აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა.
უკრაინული მედიები წერენ, რომ ორივე თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:00-ზე, როცა ისინი სამხედრო დავალების შესაბამისად აფრინდნენ. РБК-Украина-ს ცნობით, А-50 რადარებიდან გაქრა და საკუთარი ტაქტიკური ავიაციის ჯგუფს არ პასუხობდა, ხოლო შემდეგ რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30-ის პილოტმა დააფიქსირა "დაუდგენელი საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნა".
А-50 არის რადიოლოკაციური დაზვერვისთვისა და მართვისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბომბდამშენებს სამიზნეებს უსწორებს. მისი ღირებულება 300 მილიონ დოლარს აღემატება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ზოგიერთ ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხზე წერენ, რომ შესაძლოა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდო.