აშშ

WP: აბრაამ ლინკოლნს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ბაბუის ბაბუა ჰყავს შეწყალებული

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აბრაამ ლინკოლნი
მარცხნივ - Melina Mara/The Washington Post; მარჯვნივ - Alexander Gardner/Library of Congress/AP

გამოცემა Washington Post-ის ცნობით, ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბაბუის ბაბუა პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა შეიწყალა.

აშშ-ს ეროვნული არქივების სამხედრო სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, 1864 წლის 21 მარტს მოზეს ჯ. რობინეტსა და ჯონ ჯ. ალექსანდერს შორის ჩხუბის საქმეზე სასამართლო გაიმართა.

რობინეტს ბრალად ედებოდა ალექსანდერის მოკვლის მცდელობა, რადგან მან ჩხუბის დროს ჯიბის დანა გამოიყენა და ალექსანდერს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პოტომაკის ზამთრის ბანაკში მათ შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდერმა რობინეტისა და მზარეულის საუბარი მოისმინა, რომელშიც რობინეტი მასზე საუბრობდა, რის გამოც ალექსანდერი რობინეტს დაესხა თავს.

42 წლის რობინეტი თავს იმით იმართლებდა, რომ თუკი იგი თავს არ დაიცავდა, ალექსანდერს შეეძლო, მისთვის სერიოზული დაზიანება მიეყენებინა. თუმცა, სამხედრო ტრიბუნალმა საქმეში რობინეტის ბრალეულობა ცნო და მას ორი წლით მძიმე შრომა მიუსაჯა.

მოგვიანებით, არმიის სამმა ოფიცერმა ლინკოლნს პეტიციით მიმართა, იმ საბაბით, რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო, რადგან რობინეტი თავის დაცვას ბევრად უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ცდილობდა. შესაბამისად, ოფიცრები პრეზიდენტს რობინეტის შეწყალებას სთხოვდნენ.

იმავე წლის 1-ელ სექტემბერს პრეზიდენტმა რობინეტის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ს პრეზიდენტის სრული სახელი ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უმცროსია, რომელმაც, ლარიმერის ოლქის გენეალოგიური საზოგადოების ინფორმაციით, შუა სახელი დიდი-ბაბუისგან, ჯორჯ ჰამილტონ რობინეტისგან მემკვიდრეობით მიიღო.

კომენტარები