რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანური მედია: დაზვერვის აზრით, უკრაინას ჩაბარებული რუსი პილოტი კრემლის დაკვეთით მოკლეს

Украинская правда

როგორც ესპანური გამოცემა El País-ი დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ესპანეთის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობა კრემლმა შეუკვეთა.

გამოცემასთან საუბრისას დაზვერვაში მომუშავე წყაროებმა თქვეს, რომ მკვლელობის პირდაპირ რუსულ სამსახურებთან დაკავშირება რთული იქნება, მაგრამ ფიქრობენ, რომ რუსეთმა მკვლელობა დაქირავებულ მკვლელებს დაავალა.

El País-ი წერს, რომ სამთავრობო წყაროების განმარტებით, ესპანეთის დაზვერვა კუზმინოვის ქვეყანაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რუს პილოტს ჩასვლის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია. 

გამოცემასთან საუბრისას წყაროებმა თქვეს, რომ პროვინციაში, სადაც კუზმინოვი იმყოფებოდა, ალიკანტეში, ქვეყანაში ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. მათი თქმით, შესაძლებელია, რომ რუსეთის მთავრობამ მკვლელობის ოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ჩაატარა. 

ესპანეთის მთავრობა რუსეთის საჯაროდ დადანაშაულებას ერიდება და გამოძიების შედეგებს უცდის. 

"სამოქალაქო გვარდიას უნდა მივცეთ საშუალება, თავისი საქმე შეასრულოს და გამოძიება გაგრძელდეს". - თქვა მთავრობის სპიკერმა, პილარ ალეგრიამ. 

თუმცა, El País-თან საუბრისას დიპლომატიურმა წყაროებმა თქვეს, რომ ეს "ძალიან სერიოზული" საკითხია და რუსეთის ჩართულობის დადგენის შემთხვევაში, ესპანეთს "ძლიერი" საპასუხო რეაქცია ექნება. 

კუზმინოვი 2023 წელს უკრაინულ მხარეს ვერტმფრენით ჩაბარდა. 19 თებერვალს ის ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.


 

2023 წლის ზაფხულში 28 წლის კუზმინოვი უკრაინის ტერიტორიაზე МИ-8 ტიპის ვერტმფრენით გადავიდა და მეტოქეს ჩაბარდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სპეციალური ოპერაცია, რომელიც რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვა 6 თვის განმავლობაში ატარებდა. ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. 

ეკიპაჟში პილოტთან ერთად ორი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რეალურად სად მიფრინავდა ვერტმფრენი. სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა. 

მოგვიანებით უკრაინის დაზვერვამ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც კუზმინოვის გადაბირების დეტალები იყო აღწერილი.

"მე უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს დავუკავშირდი. ისინი უსაფრთხოებას, ახალ საბუთებს და ფულად კომპენსაციას დამპირდნენ. დავთანხმდი და გადავფრინდი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ არანაირი ფაშისტები არ არიან. საწყენია რაც ხდება. რაც ახლა ხდება უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია. ჩემი საქციელის საფუძველი არის ის, რომ არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია". – ამბობს კუზმინოვი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში.

რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სხვა წევრები ფრენისას თავად კუზმინოვმა მოკლა.

ვერტმფრენის გატაცებისთვის რუსმა პილოტმა უკრაინისგან ჯილდოდ $500 000 მიიღო. დაზვერვამ ასევე მისი ოჯახის ხარკოვში გადმოყვანა უზრუნველყო. მოგვიანებით კუზმინოვი ესპანეთში გადასახლდა.

კომენტარები