რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი პილოტი, რომელმაც 2023 წელს უკრაინას ვერტმფრენი ჩააბარა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

Украинская правда

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელმაც 2023 წელს უკრაინულ მხარეს ვერტმფრენით ჩაბარდა ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ინფორმაციას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

უკრაინული დაზვერვის ცნობით მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელები მიიმალნენ.

2023 წლის ოქტომბერში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრებმა კუზმინოვის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღეს.

უკრაინის მხარეს გადასული პილოტის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი:

"ძუკნა, რომელმაც ქოჩორებს (რუსეთში გავრცელებული შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომლითაც უკრაინელებს მოიხსენიებენ) ჩვენი ვერტმფრენი გადასცა და საკუთარი თანამებრძოლები ჩააბარა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს".


2023 წლის ზაფხულში 28 წლის კუზმინოვი უკრაინის ტერიტორიაზე МИ-8 ტიპის ვერტმფრენით გადავიდა და მეტოქეს ჩაბარდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სპეციალური ოპერაცია, რომელიც რუსი პილოტის გადაბირებით დასრულდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვა 6 თვის განმავლობაში ატარებდა. ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს შორის ფრენას ასრულებდა. 

ეკიპაჟში პილოტთან ერთად ორი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რეალურად სად მიფრინავდა ვერტმფრენი. სპეციალური ოპერაციების ჯგუფმა ეკიპაჟის წევრები გაანეიტრალა. რუსული ხომალდი საბოლოოდ ხარკოვის ოლქში დაჯდა. 

მოგვიანებით უკრაინის დაზვერვამ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, რომელშიც კუზმინოვის გადაბირების დეტალები იყო აღწერილი.

"მე უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს დავუკავშირდი. ისინი უსაფრთხოებას, ახალ საბუთებს და ფულად კომპენსაციას დამპირდნენ. დავთანხმდი და გადავფრინდი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ არანაირი ფაშისტები არ არიან. საწყენია რაც ხდება. რაც ახლა ხდება უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია. ჩემი საქციელის საფუძველი არის ის, რომ არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია". – ამბობს კუზმინოვი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში.

რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სხვა წევრები ფრენისას თავად კუზმინოვმა მოკლა.

ვერტმფრენის გატაცებისთვის რუსმა პილოტმა უკრაინისგან ჯილდოდ $500 000 მიიღო. დაზვერვამ ასევე მისი ოჯახის ხარკოვში გადმოყვანა უზრუნველყო. მოგვიანებით კუზმინოვი ესპანეთში გადასახლდა.

კომენტარები