რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BBC: სანამ რუსი სამხედროები მეთაურს ელოდებოდნენ, უკრაინელებმა მათზე იერიში მიიტანეს

BBC წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედროები საკუთარ მეთაურს ელოდებოდნენ.

BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, 20 თებერვლის შუა დღეს უკრაინელმა სამხედროებმა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის გამოყენებით, იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოეს მახლობლად მდებარე პოლიგონზე.

ცნობების მიხედვით, ამ დროს პოლიგონზე გვარდიულ მოტომსროლელთა 36-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ეს ქვედანაყოფი, იგივე სამხედრო ნაწილი 06705 რუსეთის იმიერბაიკალეთის ოლქიდანაა.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, იერიშის დროს პოლიგონზე იმყოფებოდნენ ამ ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულების ჯარისკაცები და ელოდებოდნენ აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგის 29-ე არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორი ოლეგ მოისეევის მოსვლას.

BBC წერს, რომ მათ აქვთ 10-ზე მეტი ფოტო და ვიდეოჩანაწერი, რომლებიც იერიშის შედეგებს ასახავს და ჩანს ათეულობით მკვდარი, თუმცა ეთიკური სტანდარტების გამო არ აქვეყნებენ. მათივე ცნობით, სხვადასხვა შეფასებებით, დარტყმას, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები