ისრაელ-ჰამასის ომი

ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლუის ინასიუ ლულა და სილვა
Reuters

ისრაელსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობის დაძაბვის შედეგად ბრაზილიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია, ხოლო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი მიზეზად ლულას მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, სადაც მან ღაზის კონფლიქტი ჰოლოკოსტს შეადარა. 

18 თებერვალს ბრაზილიის პრეზიდენტმა ეთიოპიის დედაქალაქში აფრიკის კავშირის 37-ე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ის, რაც ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის მიმართ ხდება, ისტორიაში სხვა პარალელი არ აქვს, გარდა იმისა, როდესაც ჰიტლერმა ებრაელების მოკვლა გადაწყვიტა".

"ჩვენ არ დავივიწყებთ და არც ვაპატიებთ. ეს სერიოზული ანტისემიტური თავდასხმაა. ჩემი და ისრაელის ხალხის სახელით გადაეცით პრეზიდენტ ლულას, რომ ის პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული მანამ, სანამ სიტყვებს უკან წაიღებს". – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიის ელჩთან შეხვედრისას.

აღნიშნულს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბრაზილიის პრეზიდენტის კომენტარს "სამარცხვინო და სახიფათო უწოდა". 

განცხადება გაავრცელა ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამაც, რომელშიც ჰამასი ბრაზილიის პრეზიდენტს ზემოხსენებული განცხადებებისთვის მადლობას უხდის და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ლულას განცხადების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები