რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NBC: ბაიდენი უკრაინისთვის შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გადაცემას განიხილავს

ამერიკელი ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობას ცდიან, 14 დეკემბერი, 2021
John Hamilton/White Sands Missile Range Public via DVIDS

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე მუშაობს, რასაც უკრაინული მხარე უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს. ინფორმაციას ამერიკული სამაუწყებლო კომპანია NBC News ავრცელებს.

აშშ-მ უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდება წინა წელს დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე მათთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებდა. თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პოზიცია შეიცვალა და უკრაინისთვის უკვე შორი მოქმედების რაკეტების გადაცემაზეც მსჯელობს.

აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი უკრაინის მხარდასაჭერად $60 მილიარდს, ხოლო ისრაელისთვის $14.1 მილიარდს მოიცავს. ამას გარდა, კანონპროექტში ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9.2 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნებმა NBC-სთან განაცხადეს, რომ ამერიკას შორი რადიუსის ATACMS-ების შეზღუდული მარაგები აქვს, რაც ნიშნავს, რომ მათ შესავსებად საჭირო დაფინანსების გარეშე აშშ ხსენებულ რაკეტებს უკრაინაში დიდი ალბათობით ვერ გაგზავნის. ამისთვის კი აშშ-ს კონგრესის მოქმედება იქნება გადამწყვეტი.

მაღალჩინოსნებმა ასევე არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა, აშშ-მ უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემა მოკავშირეებსაც სთხოვოს იმ პირობით, რომ აშშ მათ შევსებაში დაეხმარება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვედრაზე ძირითადად უკრაინის შორი მოქმედების რაკეტების საჭიროებაზე ესაუბრა.

"მხოლოდ ერთი გზაა იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის [სამხედრო] შესაძლებლობები გავანადგუროთ. ეს [გზა] ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში დარტყმების მიტანაა". - თქვა კულებამ.

კომენტარები