რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თქმით, რუსეთის ჯარი Starlink-ის ტერმინალებს არაბული ქვეყნებისგან ყიდულობს

უკრაინის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის სისტემა ფრონტის ხაზზე, ბახმუტთან, 8 მარტი, 2023
REUTERS/Lisi Niesner/File Photo

უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალებს ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად "არაბული ქვეყნებისგან" ყიდულობს.

სააგენტომ გაავრცელა ხელში ჩაგდებული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, მათი თქმით, ორი რუსი ჯარისკაცი არაბი მიმწოდებლებისგან დაახლოებით $2200-ის ღირებულების ერთეულების ყიდვას განიხილავს.

"რუსეთის აგრესორი სახელმწიფო არაბული ქვეყნებისგან ომში გამოსაყენებლად საკომუნიკაციო აღჭურვილობას ყიდულობს, მათ შორის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალებსაც". - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ Telegram არხზე.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალებს იყენებს.

"რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები შევნიშნეთ. ეს სისტემურ სახეს იღებს". - თქვა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა.

SpaceX-მა 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთში Starlink-ის ტერმინალები გააქტიურებული არ არის. ამას გარდა, კომპანიის თქმით, რუსეთში სატელიტური ინტერნეტის სერვისი არასდროს გაუყიდიათ.

"თუ SpaceX-ი მოიპოვებს ცნობას, რომ Stalink-ის ტერმინალებს სანქციების ქვეშ მყოფი ან არაავტორიზებული მხარე იყენებს, გამოვიძიებთ და ტერმინალის გამორთვისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ". - განაცხადა Stalink-მა X-ზე.

11 თებერვალს რუსეთის ძალების მიერ Starlink-ის გამოყენების ცნობებს ილონ მასკი X-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ვრცელდება "მცდარი ინფორმაცია, რომ SpaceX-ი Starlink-ის ტერმინალებს რუსეთს ყიდის".

"ეს კატეგორიულად მცდარია", - ამბობს მასკი და ამატებს, რომ "მათი ინფორმაციით, რუსეთისთვის Starlink-ი პირდაპირ არ მიუყიდიათ". ამასთანავე, მასკმა უპასუხა ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას, თუ შესაძლებელია Starlink-მა იცოდეს, არის თუ არა გააქტიურებული ტერმინალი რუსეთში, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ "Starlink-ი რუსეთში სატელიტებთან კავშირს არ დახურავს".


SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასაიმედო, ძვირი ან მიუწვდომელი იყო. პროექტის შემუშავება 2015 წელს დაიწყეს. პირველი სატესტო პროტოტიპები TINTIN-ი 2018 წლის თებერვალში, ხოლო უშუალოდ Starlink-ის თანამგზავრების პირველი ჯგუფი ორბიტაზე 2019 წლის მაისში გაუშვეს.

2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინ უკრაინას შეუწყდა კომუნიკაციის სისტემა, ილონ მასკმა უკრაინას მისცა Starlink-ის სატელიტური ტერმინალების გამოყენების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. 2022 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

უკვე 2023 წლის თებერვალში, SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

კომენტარები