საქართველო-აზერბაიჯანი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს წერილს, სადაც ზურაბიშვილი ალიევს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მთავრობის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა და საპასუხოდ ოფიციალურ წერილს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 2024 წლის 9 თებერვალს მიულოცა. 

"თქვენო აღმატებულებავ,

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში. 

ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით. 

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, ხოლო მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას".- ნათქვამია წერილში. 

12 თებერვალს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თავშეკავება ალიევისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე, პოლიტიკური სიბეცეა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ილჰამ ალიევისთვის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არმილოცვას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა.

საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მედიისთვის მიწოდებულ კომენტარში უარყო ის ფაქტი, რომ თითქოს ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.

კომენტარები