ფინეთი

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ალექსანდერ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი
Lehtikuva/Vesa Moilanen via REUTERS

11 თებერვალს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ეროვნული კოალიციის პარტიის ცენტრისტულმა-მემარჯვენე კანდიდატმა ალექსანდერ სტუბმა გაიმარჯვა. მისი მეტოქე მწვანეთა პარტიის პეკა ჰაავისტო იყო, რომელმაც არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.

ფინეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, დათვლილია ხმების 99.7%, საიდანაც სტუბმა 51.6% აიღო, ხოლო ჰაავისტომ 48.4%.

გამარჯვების შემდეგ სტუბმა ფინეთის მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და არჩევნებში გამარჯვებას მისი სიცოცხლის ყველაზე დიდი პატივი უწოდა.

"განცდა მშვიდია, თავმდაბლური, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალზე ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ამდენმა ფინელმა ხმა მომცა და, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გავხდე". - თქვა სტუბმა.

ალექსანდერ სტუბი პროევროპელად მიიჩნევა და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. იგი 2014-15 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო.

მანამდე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 51%-იანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო, თუმცა, სტუბი ხმათა 27.1%-ით პირველ ადგილზე გავიდა.

ფინეთის პოლიტიკურ სისტემაში მთავარ როლს ქვეყნის პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა ასრულებენ, თუმცა, სხვა ევროპული დემოკრატიებისგან განსხვავებით, ფინეთში პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.

ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პრეზიდენტობის ორივე ვადა ამოწურა, რის შემდეგაც ფინეთმა ახალ პრეზიდენტად ნიინისტოს თანაპარტიელი ალექსანდერ სტუბი აირჩია. 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ნიინისტო საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი იყო, განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რის ფონზეც ნიინისტომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე აიღო პასუხისმგებლობა.

კომენტარები