რუსული ოქრო

BLOOMBERG: შესაძლოა, რუსული ბანკები დოლარის და ევროს მისაღებად ოქროთი ვაჭრობდნენ

ციმბირის ქალაქი, კრასნოიარსკი, რუსეთი. 2023 წლის 31 იანვარი
REUTERS/Alexander Manzyuk/File Photo

ზოგიერთი რუსული ბანკი, შესაძლოა, ქვეყანაში დოლარის და ევროს შეტანაზე დაწესებული აკრძალვის გვერდის ავლის მიზნით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში ოქროთი ვაჭრობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საფინანსო-სადაზვერვო კომპანია Sayari-ს კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსეთში ბანკნოტების შეტანაზე სანქციები 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა. შეზღუდვები კრძალავს მოსკოვში დოლარისა და ევროს ექსპორტს. 

როგორც გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით წერს, 2023 წლის პირველ კვარტალში ზოგიერთმა რუსულმა ბანკმა ქვეყანაში შეიტანა $82 მილიონზე მეტი ღირებულების ევრო, დოლარი და დირჰემი.

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეზღუდა რუსული ოქროთი ვაჭრობა და შეაჩერა მიწოდება ლონდონსა და ნიუ-იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრებში. ამასთან, სანქციებმა 2023 წელს ექსპორტის დიდი წილის ჰონგ-კონგში გადატანა განაპირობა. 

ამის პარალელურად, როგორც გამოცემა Sayari-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რუსული ბანკები ბანკნოტების სანაცვლოდ ოქროს მიწოდებას 2023 წლის ივლისამდე ან აგვისტომდე აგრძელებდნენ.

გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) ჯერ კიდევ 2023 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ოქროს სანქციების თავიდან ასაცილებლად იყენებდა.

Reuters-ი რუსეთის საბაჟო ჩანაწერებზე დაყრდნობით გასულ წელს წერდა, რომ რუსეთზე დაწესებული დასავლეთის სანქციების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები რუსული ოქროს უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამასთან, რუსეთისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროების შემდეგ ჩინეთი და თურქეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ.

კომენტარები